Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია სააკაშვილზე: რასაც "ქართული ოცნება" ჭამას ეძახის, ვალიდოლის ზომის ცარცის გემოს აბებია


საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი და "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჭამასთან დაკავშირებით აბსურდული ინფორმაცია ვრცელდება. ასე გამოეხმაურა ციხეში შეხვედრიდან გამოსული გვარამია მმართველი პარტიის ლიდერების კომენტარებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს.

"მე ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი, ვთხოვე ეჩვენებინა, რას იღებდა. მან გადმომაწოდა ეს ტაბლეტი, ეს არის ვალიდოლის ზომის ტაბლეტი, რომელსაც აქვს ცარცის, საკმაოდ უსიამოვნო გემო. თუ ეს ჭამაა, მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", მოშიმშილე ქვეყანაში ქამრები შემოიჭიროს და თვითონაც ასეთ კვებაზე გადავიდეს", - თქვა გვარამიამ.

სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერები მუდმივად აკეთებენ კომენტარებს, მათი ნაწილი ამ საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. მაგალითად, გუშინ, 26 ოქტომბერს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა:

"თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, როგორც სააკაშვილი ამას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსალოდნელია გარკვეული უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ გადასხმა გაკეთდა, მაგალითად, არის გარკვეული საკვების მიღების პრეცედენტები, ამას, ბუნებრივია, ყველა უნდა დააკვირდეს და რაღაც "კლოუნადის" დადგმის საშუალება ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG