Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია: გამარჯვებისთანავე თბილისი უარს იტყვის ჯარში ახალგაზრდების დარაჯებად გაწვევაზე


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში თბილისი უარს იტყვის იმ ახალგაზრდების ჯარში გაწვევაზე, ვინც შემდეგ სახელმწიფო უწყებებში დაცვის ფუნქციებს ასრულებს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.

"თქვენ იცით, რომ თავდაცის სამინისტრო ვითომ ჯარში იწვევს წვევამდელებს, სინამდვილეში კარისკაცებად და დარაჯებად აყენებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან ახალგაზრდებს. ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტს, მათ შორის დედაქალაქის მერიას, სხვადასხვა გამგეობას... დედაქალაქის მერია და გამგეობები არ შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებისთვის ცხოვრების დამახინჯებას. ჩვენი გამარჯვებისთანავე ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჯარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციური ადამიანები [არ დავუყენოთ]", - თქვა მელიამ.

მისი თქმით, ამ ფუნქციაზე უარის თქმის შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა არ უნდა შემცირდეს და პირიქით, უნდა გაიზარდოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რადგან იქ მოტივირებული ადამიანები მივიდნენ.

ყოველწლიურად სამხედრო-სავალდებულო სამსახურში რამდენიმე ათას ადამიანს იწვევენ. მაგალითად, 2021 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევაზე ჯამში მოთხოვილია 7147 წვევამდელი, საიდანაც უმრავლესობა არა თავდაცვის სამინისტროში, არამედ სხვა უწყებებში ნაწილდება.

  • თავდაცვის სამინისტროში - 2800 წვევამდელი;
  • პენიტენციურ სამსახურში - 1269 წვევამდელი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში - 2728 წვევამდელი;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში - 350 წვევამდელი.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად 20 ქალაქში იმართება, მათ შორის, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის თბილისში. თბილისში ნიკა მელიას კონკურენტი მოქმედი მერი კახა კალაძეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG