Accessibility links

site logo site logo

ვაკის პარკის კასკადი იქნება ისეთი ლამაზი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს გვახსოვს - კახა კალაძე


თბილისის მოქმედმა მერმა და პარტია "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე მიმდინარე და დასრულებულ სარებილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა. მათ შორის ვაკის პარკში დაწყებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე საუბრისას თქვა, რომ პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იქნება კასკადის რეაბილიტაცია და განახლება.

„რითიც გამოირჩეოდა ვაკის პარკი, ეს იყო იქ არსებული კასკადი, რომელიც დღეს ამორტიზირებულია, დანგრეული, განადგურებულია და მთლიანად იქნება მოწესრიგებული. განახლების სამუშაოები დაწყებულია. ამ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოპირკეთდება არსებული სივრცე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც და იქნება როგორც ეს წლების წინ - საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო. გვახსოვს, როგორი სილამაზე იყო, როდესაც წყალი ჩამოედინებოდა ამ კასკადზე. თავისი განათების სისტემებით, ყველანაირად იქნება განახლებული და მოწესრიგებული. უახლოეს მომავალში ესეც იქნება დამთავრებული და მთლიანად შეიკვრება პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, „მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკში მისი დაარსების დღიდან არ ჩატარებულა“. ასევე იგეგმება 15 პარკის განახლება-რეაბილიტაცია, საიდანაც 9 ახალი საქალაქო პარკი იქნება.

ვაკის პარკის რეაბილიტაციის განხორციელებაზე, თბილისის მერიის ინფორმაციით, 17 მლნ 600 ათასი ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე, დამატებით, 3 მლნ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG