Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში სარეკორდოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა


ვაქცინაციის მობილური პუნქტი ერევნის ცენტრში
ვაქცინაციის მობილური პუნქტი ერევნის ცენტრში

სომხეთში 26 ოქტომბერს სარეკორდოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი, ვაქცინაციის მაჩვენებელი კი დაბალია.

ჯანდაცვის მესვეურებმა 24 საათის განმავლობაში აღრიცხეს COVID-19-ით გამოწვეული 57 გარდაცვალება - რაც ყველაზე მაღალი მონაცემია პანდემიის დაწყების პერიოდიდან. მხოლოდ ბოლო კვირაში ვირუსს ემსხვერპლა სომხეთის 330 მოქალაქეზე მეტი.

სომხეთში, სადაც 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო ოფიციალური მონაცემი ამჟამად 6,112 ადამიანს აღწევს. ბოლო კვირაში აღირიცხა ინფიცირების 1517 ახალი შემთხვევა, სულ ქვეყანაში 300 000-მდე ადამიანი დაავადდა COVID-19-ით.

ჯანდაცვის მინისტრი, ანაჰიტ ავანესიანი 24 ოქტომბერს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სომხეთის საავადმყოფოები გადატვირთვის ზღვარზეა და შესაძლოა მალე საწოლები აღარ დარჩეს ახალი პაციენტებისთვის. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, ყველგან ატარონ ნიღბები და აიცრან.

ჯერჯერობით სრულად აცრილია სომხეთის მოსახლეობის 10 პროცენტზე ნაკლები, რაც ყველაზე დაბალი მონაცემია ევროპის მასშტაბით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG