Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილზე: თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს, ამბობს რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია


უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა მედიასთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ადგილი აქვს მისი უფლებების შელახვას. უკრაინის ომბუდსმენი იმედს იტოვებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში ნახვის შესაძლებლობა მიეცემა უკრაინელ ექიმს, რომელიც სპეციალურად ამისთვის ჩამოვიდა საქართველოში. ის ასევე ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატს, რომელიც ქართველი ადვოკატების თქმით, აეროპორტიდან გააბრუნეს სამშობლოში.

ლუდმილა დენისოვას თქმით, სააკაშვილი თავს პუტინის პირად პატიმრად აცხადებს და უარს ამბობს გადავიდეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც არსებობს კითხვის ნიშნები მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„მან თქვა, რომ ყოველდღე სუსტდება, ჰქონდა ოთხი კრიზისი, მათგან ორი - ჰიპერტონიული. ციხის კართან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა იმისთვის, რომ სისხლი გადაუსხან აუცილებლობის შემთხვევაში ან გულის მასაჟი გაუკეთონ, თუკი ამის საჭიროება იქნება. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ შიმშილობის 27-ე დღეს არსებობს საფრთხე, რომ რომელიმე ორგანომ შეწყვიტოს ფუნქციონირება და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შესაძლოა მას ამ შემთხვევაში ვერ უშველოს, შეიძლება კლინიკაში გადაყვანა უკვე დაგვიანებული იყოს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ არ გადავა ციხის საავადმყოფოში, რომელიც მე-18 დაწესებულებაში მდებარეობს, რადგან მიაჩნია, რომ მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის. ჩემმა კოლეგამ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეამოწმა ეს საავადმყოფო და დაადასტურა, რომ იქ არ არის ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა მიხეილისთვის ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში დახმარების აღმოსაჩენად. კრიზისი ახლა უკვე შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად.

მას დღეში ორჯერ უკეთებენ ანალიზებს. დღეს ჩემი ვიზიტის შემდეგ უნდა აეღოთ ანალიზები, ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ამ ანალიზის პასუხები. საქართველოში ჩამოსულია უკრაინელი ექიმი და იმედს ვიტოვებ, მას მიეცემა სააკაშვილის ნახვის საშუალება”, - თქვა უკრაინის ომბუდსმენმა.

ლუდმილა დენისოვა თვლის, რომ საქართველოში ირღვევა მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება, ვინაიდან, ადვოკატების თხოვნის მიუხედავად, არ ინიშნება სასამართლო სხდომები იმ საქმეებზე, რომელზეც სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი და განაჩენი გამოტანილი არ არის.

„მას სურს, რომ სასამართლოში საჯარო განხილვები დაიწყოს მის საქმეებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ადვოკატების თხოვნა უგულებელყოფილია ქართული სასამართლოს მიერ. ეს ადამიანის უფლებების კონვენციის დარღვევაა. დარღვეულია სისხლის სამართლის საქმეებზე გონივრულ ვადაში განხილვის ვადებიც - 8 წელი არ არის ის დრო, რა დროც სჭირდება სისხლის სამართლის საქმეების განხილვას”, - ამბობს ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის სახალხო დამცველი გეგმავს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს უკრაინის პრეზიდენტს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, სადაც შესაძლებელი იქნება მუდმივი და სრულფასოვანი ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს, მისი უფბედამცველები და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ ამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG