Accessibility links

site logo site logo

"ქართული ოცნების" მიტინგისთვის 40-ზე მეტი ავტობუსი ყვითელ ზოლში ჩააყენეს


თბილისში, 40-ზე მეტი ავტობუსი მუნიციპალური ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ყვითელ ზოლშია გაჩერებული.

ავტობუსები მელიქიშვილის ქუჩაზე დგას.

ამ მონაკვეთზე მუნიციპალური ავტობუსები დაახლოებით შუადღის ორი საათის შემდეგ სამანქანო ზოლში მოძრაობენ.

ქუჩის მოპირდაპირ მხარეს, პარკინგისთვის განკუთვნილი სივრცე ცარიელია. პოლიციამ იგი ღამით გაანთავისუფლა და ყვითელი ლენტით შემოფარგლა.

ერთ-ერთმა მძღოლმა "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურა, რომ ავტობუსის ზოლში "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მითითებით გაჩერდა.

ამ ზოლში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ჯარიმდება ასი ლარით.

"რადიო თავისუფლება" კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ვითარებაში გაერკვევიან და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მიტინგი თავისუფლების მოედანზე ხუთ საათზე უნდა დაიწყოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ დედაქალაქში ათიათასობით მხარდამჭერი ჩამოჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG