Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FT: რუსეთმა მოლდოვას გაზის ფასის დაკლება შესთავაზა ევროპასთან შეთანხმების კორექტირების სანაცვლოდ


რუსეთის სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მოლდოვას შეღავათი შესთავაზა ბუნებრივი აირისთვის, თუკი კიშინიოვი გადახედავს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და თუკი გადაიდება ენერგეტიკის ბაზრის ბრიუსელთან შეთანხმებული რეფორმები. ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.

გაზეთის ორმა წყარომ აღნიშნა, რომ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპული ორიენტაციის მაია სანდუს გამარჯვებისა და კიშინიოვის დასავლეთისკენ შეტრიალების შემდეგ კრემლი გაზის საკითხებზე მოლაპარაკებებს პოლიტიკური დარეგულირების საშუალებად განიხილავს.

მანამდე მოლდოვის ხელისუფლებამ 22 ოქტომბრიდან საგანგებო ვითარება შემოიღო რუსეთიდან საწვავის არასაკმარისი მიწოდების გამო ევროპაში გაზზე სარეკორდოდ მაღალი ფასების პირობებში.

1 ოქტომბერს ამოიწურა კონტრაქტი „მოლდოვგაზსა“ და „გაზპრომს“ შორის. ახლა რუსეთის კომპანია საბაზრო ფასით სთავაზობს მას გაზს. კონტრაქტის მოქმედება მხოლოდ ერთი თვით გაახანგრძლივეს. მოლაპარაკებები ჯერჯერობით წარუმატებლად მიმდინარეობს.

კრემლი უარყოფს მოლდოვასთან მოლაპარაკებებში პოლიტიკურ ასპექტებს. „არავითარი პოლიტიკური მომენტები არ არის და არ შეიძლება იყოს. ეს მხოლოდ კომერციული მოლაპარაკებებია. არის გაზზე მოთხოვნილება, არის კომერციული წინადადება, არის შეთავაზებული შეღავათი, არის ასევე დაგროვილი ვალების პრობლემა. ყველაფერი ეს მხოლოდ კომერციული ხასიათისაა. აქ არ არის არავითარი პოლიტიკა და არ შეიძლება იყოს,“ განუცხადა „ინტერფაქსს“ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკვომა.

ენერგეტიკული კრიზისის ფონზე მოლდოვამ გადაწყვიტა, პოლონეთისგან და ნიდერლანდისგან შეიძინოს გაზი. აქამდე ქვეყანა მხოლოდ რუსული გაზის იმპორტს ახდენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG