Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: თბილისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს


თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისის მერად არჩევის დროს მიეცა შესაძლებლობა ემსახურა ქალაქისთვის და ამით ბედნიერი იყო. თბილისის მოსახლეობას მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ აქციაზე, თბილისიდან, თავისუფლების მოედნიდან მიმართა.

"თბილისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ამ ქალაქმა მომცა ყველაფერი, რისი მოცემაც შეეძლო - ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრები და შესაძლებლობა, მეზრუნა თბილისზე და თბილისელებზე. ამიტომ, მეც არასდროს ვზოგავდი თავს, რომ ყველა ამ სიკეთეზე სიკეთითვე მეპასუხა, მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა", - თქვა კალაძემ.

მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა 2 ოქტომბერს მხარდაჭერისთვისაც.

"თითოეულ თქვენგანს გადაგიხდით უდიდეს მადლობას 2 ოქტომბრის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს არჩევნები იყო ბევრად მეტი, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები", - თქვა მან.

"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი თავისუფლების მოედანზე შეკრიბა. აქციაზე მისული ხალხი, სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირის ნაწილზე, მათ შორის, პარლამენტის შენობის წინაც იყო.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოს 20 ქალაქში იმართება, მათ შორის, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში. კალაძე თბილისის მერობის მეორე ვადით დასაკავებლად იბრძვის, მან წინა არჩევნებზე პირველივე ტურში მოიგო. წელს მისი კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG