Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მოლდოვას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს ენერგოკრიზისის დასაძლევად


ევროკავშირი მოლდოვას გამოუყოფს 60 მილიონ ევროს ენერგოკრიზისის პერიოდში დასახმარებლად, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა. კიშინიოვმა რუსეთთან ვერ მიაღწია ენგრომატარებლების მიწოდების შესახებ ახალ შეთანხმებას.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა მოლდოვის მიერ პოლონეთისგან მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვას. მთავრობის თანახმად, ეს იყო ალტერნტიული წყაროსგან გაზის შეძენის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი მოლდოვის ისტორიაში.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიტამ, რომელიც ბრიუსელს სტუმრობს ევროკავშირ-მოლდოვის ასოცირების შეთანხმების გარშემო სასაუბროდ, მადლობა გადაუხადა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირს სოლიდარობისთვის. ბრიუსელის მიერ გამოყოფილი თანხა არ არის სესხი, ის ევროპის ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ქვეყანას გადაეცემა გრანტის სახით. მოლოდოვამ გასულ კვირაში გამოაცხადა ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა მას მერე, რაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ შეთანხმებას ვადა გაუვიდა და ახალი მორიგება არ შედგა.

„გაზპრომმა“ კონტრაქტი ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა და ამ დროს გაზის მიწოდება სამჯერ შეამცირა, ხოლო სექტემბერში ერთი კუბური მეტრი აირის ფასი 550 დოლარიდან 790-მდე გაზარდა.

კიშინიოვი აცხადებს, რომ გააგრძელებს მოლაპარაკებას „გაზპრომთან“ და სამართლიან ფასს მიაღწევს.

გაზეთი Financial Times-ი იტყობინება სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთის სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მოლდოვას შეღავათი შესთავაზა ბუნებრივი აირისთვის, თუკი კიშინიოვი გადახედავს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და თუკი გადაიდება ენერგეტიკის ბაზრის ბრიუსელთან შეთანხმებული რეფორმები.

XS
SM
MD
LG