Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოდი არჩევნებზე, აღარ მოეკიდო გაგებით" – „ევროპულმა საქართველომ“ აქცია გამართა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა თეთრი ბუშტები გაუშვეს წარწერით „მოდი არჩევნებზე, აღარ მოეკიდო გაგებით“.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, „აქციის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ "ევროპული საქართველოს" პოზიციის დაფიქსირება“. მან საზოგადოებას მოუწოდა არჩევნებზე მისვლისა და ოპოზიციის კანდიდატთა მხარდაჭერისკენ.

„ხვალ გვაქვს შანსი, შევამციროთ ის უზარმაზარი საფრთხე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უქმნის. ხვალ შეგვიძლია იმ უფსკრულის პირიდან ოდნავ უკან გამოვიწიოთ. ასევე, ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველა მომავალი მთავრობებისთვის, რომ როდესაც ასე დაუპირისპირდები ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ასე ფეხებზე დაიკიდებ მოქალაქეებს, ამისთვის ისინი დაგსჯიან არჩევნებზე პოლიტიკურად. ეს ორი ურთიერთდაკავშირებული ამოცანა შეიძლება ხვალ შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი საფრთხეები უფრო იზრდება, რადგან ეს რეჟიმი, ყველასთვის ნათელია, რომ ყველაფერზე წამსვლელი ხალხია ძალაუფლებისთვის და ამისთვის მზად არიან შესწირონ ქვეყნის ყველაზე ფუნდამენტური საკითხები, დათესონ იმ ტიპის შუღლი, ზიზღი და ძალადობა, რომელიც დიდი ხნით გადაიყოლებს, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი სიტყვებით, თვითმმართველობის არჩევნები იქნება ბიძგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ისე, „რომ არავის ხელში ერთპიროვნული ძალადობა აღარ იყოს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ აქცია გამართა. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე ზუსტად იმ ადგილზე მიმდინარეობდა, სადაც 14 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდამჭერები შეკრიბა. დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, მათი დიდი ნაწილი მმართველმა პარტიამ რეგიონებიდან ჩაიყვანა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერებს აირჩევენ, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ია.

მეორე ტურში გადავიდნენ მერობის კანდიდატები, რომლებმაც 2 ოქტომბერს ვერ მიიღეს პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი და მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც გასამარჯვებლად უნდა გადაელახათ 40%-იანი ბარიერი. მეორე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატებს სჭირდებათ ხმების უბრალო უმრავლესობა.

XS
SM
MD
LG