Accessibility links

site logo site logo

"მთავარი არხი" თანამშრომლობას წყვეტს კომპანია "იფსოსთან" კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო


"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ავრცელებს ინფორმაციას არხის გადაწყვეტილების შესახებ, გაწყვიტოს კონტრაქტი საერთაშორისო კვლევით კომპანია "იფსოსთან", რომელიც საქართველოში მათი დაკვეთით ეგზიტპოლებს ატარებდა და მოსახლეობის განწყობებს იკვლევდა არჩევნების წინ. გადაწყვეტილების მიზეზი "კომპანიის მიერ კონტრაქტის პირობების უხეში დარღვევაა". გვარამიას აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა არსებობდეს კორუფციური გარიგება, რომლის გამოძიებასაც შესაბამის ქვეყნებს სთხოვს. არხი აპირებს, საარბიტრაჟო წესით გაასაჩივროს კომპანიის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევა და მოითხოვოს მიღებული რეპუტაციული ზიანის ანაზღაურება.

27 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" მისი დაკვეთით შესრულებული IPSOS-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა არჩევნების მეორე ტურებში ხმების მოსალოდნელი განაწილების შესახებ. 28 ოქტომბერს მმართველი პარტიის პრესმდივანმა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ეთერში გასული შედეგები განსხვავდება კვლევითი კომპანიის უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებისგან და "მთავარი არხი" კვლევებით მანიპულირებაში დაადანაშაულა. არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 28 ოქტომბერს თქვა, რომ საქმე გვაქვს "სამწუხარო გაუგებრობასთან" და პარტნიორი კომპანიისგან ელიან ახსნა-განმარტებას მომხდარის შესახებ.

კვლევის შედეგებს შორის განსხვავებაა ზუგდიდის შემთხვევაში. "მთავარმა არხმა" თქვა, რომ ზუგდიდში ანზორ მელია იგებდა არჩევნებს, კვლევის მიხედვით, საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით კი, მის მეტოქეს მმართველი პარტიიდან, მამუკა წოწორიას აქვს უპირატესობა.

"კომპანია იფსოსის მიერ მოწოდებული ზუგდიდის ნედლი ციფრები დამატებითი შეწონვის, (ჩვენთან ცნობილია, როგორც ალოკაცია) გარეშე არის შემდეგი:

  • ანზორ მელია: 52.3%
  • მამუკა წოწერია: 43.3%
  • უარი პასუხზე/არ ვიცი: 4.4%

ნარჩენი 4.4%ის გადანაწილება იმგვარად რომ 49/51 მივიღოთ ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ, იმედია, მარტივად გასაგებია, რომ აბსურდია. სულ რომ 4.4% მთლიანად წოწერიას დაემატოს (რაც უკვე სტატისტიკური აბსურდია). ჩვენთვის ციფრების მოწოდების შემდეგ, ერთადერთი შეკითხვა გაგვიჩდა ქალაქ ზუგდიდის მონაცემების შესაძლო ხარვეზზე, რაზეც მივიღეთ სატელეფონო განმარტება, რომ სავარაუდოდ ტექნიკური შეცდომაა და გვეხელმძღვანელა იმ მონაცემებით, რომლიც მოგვიანებით გამოვაქვეყნეთ. ასევე, მივიღეთ განმარტება, რომ რაკიღა გამოქვეყნებამდე დრო მცირეა, შეფერხების თავიდან ასაცილებლად, დადასტურებად ჩავთვალოთ სატელეფონო თანხმობა, ხოლო ელექტრონული ფოსტით თანხმობას მივიღებდით პოსტ-ფაქტუმ (აღნიშნულს არაერთხელ ქონია ადგილი ჩვენი პარტნიორობის განმავლობაში).

თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ მთავარმა არხმა გადაწყვიტა შედეგების გაყალბება, ჩნდება კითხვა: ჩვენი მიკერძოებული მიდგომა გავრცელდა მხოლოდ ქალაქ ზუგდიდზე, სადაც კონსენსუსია ქართულ საზოგადოებაში, რომ ოპოზიციური კანდიდატი ყველაზე დიდი უპირატესობით იგებს? სადაც სულ 2% დააკლდა ოპოზიციის კანდიდატს პირველ ტურში მოსაგებად და ყველაზე დიდი სხვაობა იყო ნაცმოძრაობის კანდიდატსა და ქართული ოცნების კანდიდატს შორის? და, ამის პარალელურად, მინიმალური სხვაობები (ცდომილების ფარგლებში) ხელუხლებელი დავტოვეთ ყველა სხვა ქალაქში და განსაკუთრებით, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, თბილისში -3%ით უკან დავტოვეთ ოპოზიციის კანდიდატი?

ასეც რომ ყოფილიყო, იფსოსს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს რაიმე ინფორმაცია, ჩვენი თანხმობის გარეშე. თუ თვლის, რომ ან შეგვეშალა, ან გავაყალბეთ მონაცემი, წინასწარ უნდა შედგეს კომუნიკაცია ამ საკითხზე დაზუსტების მიზნით, რასაც ადგილი არ ქონია. თუ ეჭვს შეიტანდა ჩვენს კეთილსინდისიერებაში, პარტნიორ კომპანიას შეეძლო მხოლოდ დაუყოვნებლივ გაეწყვიტა კონტრაქტი", - წერს ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე.

გვარამიას განმარტებით, "იფსოსი" ინფირმირებულია, რომ ცდომილების დასაშვები ზღვარი მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში უნდა იყოს 3%, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ადგენს და ეს მოთხოვნა ყოველთვის კვლევის ტექნიკური პროტოკოლის ნაწილია.

გვარამია აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ აცდენაა კვლევითი კომპანიის მიერ ტელევიზიისთვის მიწოდებულ სავალე სამუშაობის ჩატარების ვადებსა და საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას შორის.

"მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს და სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარი პარტნიორი კომპანიის პოზიციის თაობაზე ინფორმაციას იღებს ქართული ოცნების ბრიფინგიდან. რუსული ყაიდის ოლიგარქიულ ქვეყანაში, რთული არაა იმის წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას. ბოლო საათებში ჩვენ ინტენსიურად ვიკვლევდით ამ საკითხს და მოვიპოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, დავადგინეთ პირი, რომელიც მთავარი ფიგურანტია ამ სიყალბეში და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია კონკრეტული მიზეზიც, რამაც განაპირობა ეს არაკეთილსინდისიერი ქმედება.

სამწუხაროდ, ვაცნობიერებთ, რომ ეს სიყალბე სწორედ იმიტომაა ჩადენილი, რომ ჩვენი ეგზიტპოლი ჩაშლილიყო და აღარ არსებობდეს გაყალბების პრევენციის მთავარი მექანიზმი", - წერს გვარამია. მისი თქმით, "მთავარი არხი" ცდილობს იპოვოს ახალი კომპანია, რომელიც ხვალ ეგზიტპოლს ჩაატარებს, თუმცა დროის სიმცირის გამო შესაძლოა ეს ვერ მოასწროს.

30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ეგზიტპოლს არ აკეთებს "ფორმულა." იმ შემთხვევაში თუკი მთავარი არხი ვერ იპოვის ახალ კომპანიას ეგზითპოლების ჩასატარებლად, მეორე ტურის ეგზითპოლებს გააკეთებს მხოლოდ ტელეკომპანია იმედი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG