Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიმენკოს თქმით, უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნებაზე დიპლომატები აწარმოებენ მოლაპარაკებებს


იულია კლიმენკო
იულია კლიმენკო

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრა უკრაინის პარლამენტის, უმაღლესი რადის ორმა დეპუტატმა 3-დღიანი მცდელობის შემდეგ შეძლო.

„მე ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ ჩემს ქვეყანაში, მაგრამ ღვთის წყალობით, ციხეში არ ვზივარ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიულ ქვეყნად, სადაც ხელისუფლებას და ოპოზიციას აქვთ უფლება, ილაპარაკონ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია", - თქვა უკრაინის რადის დეპუტატმა იულია კლიმენკომ.

უმაღლესი რადის წევრი აცხადებს, რომ ისინი მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გადაცემას უკრაინისთვის.

„რამდენადაც მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, პირველ რიგში გვინდა ვნახოთ, რომ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ნორმალურ მდგომარეობაში, ნორმალურ პირობებში. ჩვენ ამის ნახვა შეგვიძლია თავად.

ჩვენ მოვითხოვთ, ის გადასცენ უკრაინას, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. აქ ამ საკითხს არ განვიხილავთ. ეს დიპლომატებს შორის განსახილველი საკითხია. აქ მოვედით, დავრწმუნებულიყავით, რომ მიხეილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის კრიტიკულ მდგომარეობაში. უკრაინაში სრულიად განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება“, - აღნიშნა, კლიმენკომ. მან დაამატა, რომ უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე ყოველდღიურად მიმდინარეობს. „საქმე ის არის, რომ ეს პროცესი დროს მოითხოვს. ის ერთ დღეში არ გადაწყდება“, - თქვა დეპუტატმა.

ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობის გარდა ციხეში უკრაინელი დეპუტატების შესვლის მიზანს წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ის სამედიცინო ტექნიკა, რომელიც აუცილებელია მასზე დასაკვირვებლად, გლდანის ციხის კლინიკაში არ არის. სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ "მილევად რეჟიმში" მყოფი ციხის საავადმყოფოს გადაიარაღება საგანგებოდ სააკაშვილის მისაღებად დაიწყეს.

XS
SM
MD
LG