Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარემ მედიას თავისი არჩევანი არ დაუმალა


თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაწყებიდან მალევე თბილისის ერთ-ერთ ოლქში ხმა მისცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. ვაკის საარჩევნო ოლქის 59-ე საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, მან მედიას უთხრა, რომ ხმა მისცა კახა კალაძეს, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს ბოლო ოთხ წელიწადში განხორციელებული პროქტების და მისი მომავალი გეგმების გათვალისწინებით.

ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, არღვევს თუ არა კანონს, როცა ამბობს, კონკრეტულად ვის მისცა ხმა, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს დარღვევა არ არის:

„დარღვევა არა. ჩემ არჩევანზეა საუბარი, მე არასდროს არ მომიწოდებია სხვამ რა გააკეთოს, ყველას ვურჩევდი რა თქმა უნდა, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი. მე არც ვმალავ, ეს ჩემი არჩევანი არის და ვამბობ კიდეც“.

საარჩევნო კანონმდებლობით, ერთ-ერთი აკრძალვა, რომელიც არჩევნების დღეს მოქმედებს, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში საარჩევნო აგიტაციას ეხება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" სიმბოლიკიანი დამცავი ნიღბით მისვლის გამო ცესკომ, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ დაწერილი საჩივრის საფუძველზე, აგიტაციის წესების დამრღვევად ცნო. დარღვევა 2 ოქტომბერსვე აღიარა თავად კახა კუჭავამ და თქვა, რომ ჯარიმის გადახდა მოუწევდა. საბოლოოდ, სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

დღეს, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე სამედიცინო ნიღბით მივიდა.

თბილისში, მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები, კახა კალაძე და ნიკა მელია მონაწილეობენ. პირველ ტურში კალაძემ ხმების 45% მიიღო, ხოლო მელიამ - 34%. პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო იყო ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე. მეორე ტურში გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელიც კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობას მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG