Accessibility links

site logo site logo

კობახიძე: „ნაცმოძრაობის" კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან


ირაკლი კობახიძე

მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის შესახებ ილაპარაკა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით საარჩევნო უბნები არ დახურულა და კენჭისყრა გრძელდება, კობახიძე აცხადებს: „არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. ნაცმოძრაობის კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან“.

კობახიძე ყველა ამომრჩეველს, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე და რომელსაც ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, მოუწოდებს და სთხოვს, რომ გამოიყენოთ ეს შანსი, რათა წვლილი შეიტანონ „საქართველოში პოლარიზაციის, ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებაში“.

ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ამომრჩეველს და აცხადებს, რომ აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა. „არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული“, - თქვა მან.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 15:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 31.82% იყო. კენჭისყრის დაწყებიდან 7 საათში ხმა მისცა 664 573-მა ამომრჩეველმა. 15:00 საათისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი, 45.4% იყო რაჭა-ლეჩხუმში და ყველაზე დაბალი, 26.9% - მცხეთა-მთიანეთში.

მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია 2 088 722 ამომრჩეველი. 64-დან 20 მუნიციპალიტეტში, მათგან 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერს ირჩევენ, ხოლო 24-ში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს.

კენჭისყრის პირველი ტურისთვის, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 497 345. 2 ოქტომბრის 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 33.18%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG