Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია ამომრჩეველს საარჩევნო უბნებთან მისვლისკენ მოუწოდებს


თბილისში, ვაზისუბნის #71 საარჩევნო უბანთან განცხადება გააკეთა გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ. მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბანში იყო ფიზიკური დაპირისპირება, რასაც წინ უძღოდა უცხო კაცის მხრიდან ყუთში, სავარაუდოდ, ბიულეტენების ჩატენვა. მისი ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ამ საკითხზე საჩივარიც დაწერა.

ნიკა მელია ასეთ ქმედებებს მიაწერს ხელისუფლებას და მიზეზად ასახელებს იმას, რომ, მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს.

„რა თქმა უნდა, ხალხნო, აგებენ ამ არჩევნებს, ყველა მსხვილი ქალაქი აქვთ წაგებული. ბატონი კობახიძის გაცეცხლებული ბრიფინგის შემდეგ, როდესაც მან აღიარა, რომ აგებენ მუნიციპალიტეტებს, ამის შემდეგ დაახლოებით 40 წუთში, როგორც ჩანს, მიიღო ბრძანება მათმა აქტივმა და სადაც შეუძლიათ სჩადიან ქმედებებს. ამით რისი თქმა უნდათ, ამით რისი მიღწევა უნდათ?! ეს კონკრეტული უბანი როდესაც დაიხურება, ხო ყველა დაინახავს, რომ „ქართულ ოცნებას“, კალაძეს წაგებული აქვს და, ამის გარდა, უბრალოდ იქნება დისბალანსი. თავიდან იქნება გადასათვლელი და გასაუქმებელი იქნება ეს უბანი“, - თქვა მელიამ.

მერობის კანდიდატი თბილისის მცხოვრებლებს მიმართავს, რომ ვინც არჩევნებზე არ ყოფილა, მივიდეს და მისცეს ხმა, ხოლო, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი, საარჩევნო უბანთან გავიდეს და დადგეს.

„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, შესაძლებლობით და ყველა თბილისელს მოვუწოდო, არ გაკადრებდით, არ ვიკადრებდი, რომ არ მქონდეს კონკრეტული ინფორმაცია. ძვირფასო თბილისელებო, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლება, რომელიც გვყავს, რომ არ კადრულობდეს მანიპულაციებს, ჩაყრებს, საერთოდ ოპოზიციურად განწყობილი არცერთი ამომრჩეველი რომ აღარ მივიდეს, ნორმალურ ვითარებაში, ამ არჩევნებს ბატონი კალაძე მაინც წააგებს. ვინაიდან ისინი მიმართავენ ყველა სახის მანიპულაციებს, ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმის დასაცავად. ამიტომ, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რომ ვერანაირი გავლენა ჰპოვოს მათმა მანიპულაციებმა საბოლოო შედეგზე, - აღნიშნა მელიამ და განაგრძო, - ვინც უკვე მივედით [არჩევნებზე], თხოვნაა, ვისაც შეგვიძლია, რომელ საარჩევნო უბანზეც ვართ ჩვენ რეგისტრირებულები და ხმას ვაძლევთ, ყველანი გავიდეთ და იმ საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე დავდგეთ“.

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს 5 ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში იმართება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური. ამომრჩეველს ბიულეტენებზე მხოლოდ ორი კანდიდატის სახელი ხვდება. სამი მუნიციპალიტეტის გარდა ყველგან არჩევანი „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის არის გასაკეთებელი. ხოლო თიანეთში, ოზურგეთსა და ცაგერში „ქართული ოცნების” კანდიდატებს ყოფილი თანაგუნდელები უპირისპირდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG