Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 17 საჩივარი დაწერა

Georgia - Tbilisi mayoral elections.
Georgia - Tbilisi mayoral elections.

დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა, ამომრჩევლების რიგითი ნომრების აღრიცხვა, გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ნაკლებობა - ახალგაზრდა იურისტთა დამკვირვებლებმა 17 საჩივარი და 9 შენიშვნა დაწერეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნების პირველი ტურის ტენდენციები გრძელდება ძირითადად ორი მიმართულებით:

  • გარკვეულ უბნებზე საია-ს დამკვირვებლებს კვლავ შეექმნათ პრობლემები, როგორც უბნებზე კომისიის წევრების, ასევე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან;
  • გრძელდება ჟურნალისტებზე ზეწოლა და მუშაობაში ხელშეშლა - „გაშუქებისას ჟურნალისტებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მისცეს შესაძლებლობა, თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობა“.

საია-ს ანგარიშში (16:00 საათის მდგომარეობით) აღრიცხულია, მაგალითად, შემდეგი ფაქტები:

  • სენაკის #41 უბანზე დამკვირვებელს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ხელს უშლიდნენ მოვალეობის შესრულებაში და არ აძლევდნენ უფლებას, რომ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს გაცნობოდა;
  • სენაკის #13, #14 და #72 უბნებზე საია-ს დამკვირვებლებს არ აძლევენ თავისუფლად გადაადგილებისა და დაკვირვების საშუალებას;
  • რუსთავის #50 უბანზე რეგისტრატორი ინიშნავდა გამოცხადებული ამომრჩევლის რიგით ნომერს სამაგიდო სიაში;
  • მარტვილის #35 უბანზე კომისიის თავმჯდომარე კაბინაში შეჰყვა მოქალაქეს და, მისი თქმით, დახმარების მიზნით დაესწრო ხმის მიცემის პროცესს;
  • ნაძალადევის #74 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა გამოუყენებელი ბიულეტენების ნაკლებობა (40 ბიულეტენიდან 35 იყო გამოყენებული, დარჩენილი 5-დან 3 დაიკარგა).

საია-ს დამკვირვებლები იტყობინებიან, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აღრიცხული ფაქტები ზეპირი თუ წერილობით შენიშვნის შემდეგ გამოსწორდა, მაგალითად: მარკირების წესების დარღვევა, ამომრჩეველთა ნების კონტროლი, გადასატანი საარჩევნო ყუთის დაულუქავ მდგომარეობაში დაბრუნება და სხვა.

XS
SM
MD
LG