Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ეს იყო პირველი არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ

„ჩვენთვის ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ. ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ სწორედ ეს შევძელით“, - მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არჩევნების შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდი, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება.

ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ამომრჩეველს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, რაც არის ეკონომიკური წინსვლისა და მოქალაქეების კეთილდღეობის ხარისხის ამაღლების აუცილებელი პირობა. შესაბამისად:

„ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად. ამავდროულად, ჩვენ ვალდებული ვართ, ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიებიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას. ბუნებრივია, ამგვარი პრეტენზიები ჩვენს მიმართ ჩვენს მხარდამჭერებსაც აქვთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის, რაც ხალხს „ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსწონს. მომდევნო წლების განმავლობაში, გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ მმართველობა საქართველოში მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მერის არჩევნები მოიგო 64-დან 63 მუნიციპალიტეტში, რითაც მმართველმა გუნდმა გააუმჯობესა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი;

მისი განცხადებით, პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. კობახიძის თქმით, რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია წარმატებით:

„ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ე.წ. 43-პროცენტიან ბარიერს უკავშირებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში ხმების 47% მიიღო. გარდა ამისა, ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურიც, სადაც ამომრჩეველთა ხმების 55% მივიღეთ. მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში. ჩვენ, პრაქტიკულად, გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ეს შევძელით ძალიან რთული პროცესების ფონზე, რომელიც გასული ერთი წლის მანძილზე გამოვიარეთ“.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 30 ოქტომბრის არჩევნები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.

ოპოზიცია სამოქმედო გეგმას 31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენს.

XS
SM
MD
LG