Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაჯალაში ჩხუბი და პოლიციასთან დაპირისპირება იყო


რამდენიმე ადამიანია დაშავებული თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში წუხელ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი უთანხმოება ჩხუბში გადაიზარდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში 15-მდე მოქალაქე მონაწილეობდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებსაც.

„კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ყარაჯალაში, პატრულირების დროს გზაზე შეკრებილ 15-მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიგე ჯგუფები“.

შსს-ს თანახმად, სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე კი, პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს-ს ინფორაციით, ინციდენტის დროს დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული არიან პოლიციის თანამშრომლებიც.

სულ რამდენი ადამიანი დაშავდა, შსს-ში არ ამბობენ და არც იმას აკონკრეტებენ, რამდენი პირია დაკავებული. ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ის წერია, რომ „დაპირისპირებაში მონაწილე როგორც მხარეების, ასევე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება“. თელავის პოლიციაში გამოძიება დაწყებულია ძალადობის და პოლიციელებზე თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტებზე.

რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას ცდილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG