Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია: მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება სახალხო ბრძოლაში თუ მის გარეშე, უმნიშვნელოა


„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატების დატოვების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ მანდატის დატოვება პანაცეა არ არის.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, არ არის მთავარი, ვინ და როდის დატოვებს პარლამენტს:

„​არაფერ შუაშია ახლა წინა პლანზე წამოწევა, პარლამენტის წევრები დატოვებენ თუ არა მანდატს დღეს, ხვალ თუ ზეგ. ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა. გეუბნებით, ამ წუთის მდგომარეობით, მივემართებით სხვადასხვა ქალაქში. ჩემთვის ეს საკითხი დახურულია, ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი, არ არსებობს. ჩემთვის, მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში, თუ მანდატის გარეშე, უმნიშვნელოა. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, ხომ?! ამაზე არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოა. ფორმალურად ჯერ კიდევ უდევს მანდატი ვინმეს ჯიბეში, თუ არ უდევს, რა მნიშვნელობა აქვს“.

ოპოზიციური კოალიცია 2 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებს იწყებს. აქციების ციკლი 2 ნოემბერს, ბათუმიდან იწყება, სადაც დემონსტრანტები აჭარის მთავრობის სახლთან, 17 საათზე შეიკრიბებიან. აქციები ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ქუთაისსა და ზუგდიდში. პარალელურად პერმანენტულ ხასიათს მიიღებს აქციები რუსთავის ციხესთან, სადაც 33-ე დღეა შიმშილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. აქცია ციხესთან დღეს, 18 საათზე დაიწყება.

აქციების პარალელურად, მანდატებს ტოვებენ ოპოზიციონერი დეპუტატები. პირველ ნოემბერს, სადეპუტატო მანდატის დატოვების თაობაზე განცხადებები გააკეთეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე, 31 ოქტომბერს, პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. დეპუტატის მანდატს ტოვებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG