Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე მოწმეები გამოჰკითხეს


სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა რამდენიმე პირი. ისინი, ვინც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ჩანაწერში ფიგურირებდნენ.

ჩანაწერის ერთ-ერთ მონაწილის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბესიკ წერედიანის განცხადებით, ჩანაწერი რამდენიმე განსხვავებული კონტექსტის მქონე დიალოგის ფრაგმენტების კომპილაციას წარმოადგენს.

მისი თქმით, მოსამართლის წინაშე გამოკითხვისას ინტერესდებოდნენ ჩანაწერში არსებულ ფრაზებზე, რაზეც მან ამომწურავი პასუხები გასცა.

ჩემი ხშირი ლოკაციის ადგილი არის პარტიის ოფისი და პრეზიდენტის ბიბლიოთეკა, იქ, სადაც მიმდინარეობს საუბარი ამ ქვეყნის მომავალზე. არანაირი გეგმა ბუნებაში არ არსებობს, ეს იყო მოსაზრებები, რომელიც გაჟღერდა. არავითარი უკანონო არ იყო... ხმის ავთენტურობას არ ვადასტურებ. საუბარი ამოღებულია რამდენიმე ჩანაწერიდან, შეერთებულია, შესაბამისად, ხმის და გადაბმის ავთენტურობა უნდა დაადასტუროს სანდო ექსპერტიზამ. საუბრის კონტექსტი რაც არის, ეს ადასტურებს ჩემს განწყობას, მაგრამ კონკრეტულად ეს საუბარი როდის იქნა ჩაწერილი, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს. გამომძიებელი მეცოდებოდა იმდენად უხერხულ მდგომარეობაში იყო, როდესაც კითხვებს სვამდა. ერთადერთი პერსპექტივა, რაც ამ საქმეს გააჩნია, ეს არის ჩემი ორთვიანი დაკავება. ერთადერთი, რასაც ხელისუფლება ჩემი დაკავებით მიიღებს, ეს იქნება კიდევ ერთი მოშიმშილე პატიმარი, პოლიტიკური შავი ხვრელი და ის სიტუაცია, რაც ახლა ხდება რუსთავის ციხეში“,- განაცხადა ბესიკ წერედიანმა მედიასთან საუბარში.

გამოკითხვის შემდეგ დავით მახარაძემ მედიას უთხრა, რომ არ იცის რას ედავებიან, ვინაიდან, მისი თქმით, „არც განზრახვა ყოფილა“, „არც გადაწყვეტა“.

უბრალოდ საუბარი იყო, ყველა თავის აზრს გამოთქვამდა, რასაც ალბათ ყოველდღე მილიონობით ადამიანი გამოთქვამს, აი ზუსტად ეგეთი ამბავი იყო და რასაც სოციალურ ქსელში წააწყდები მილიონს“,- ამბობს დავით მახარაძე.

კიდევ ერთი გამოკითხულის, გიორგი შერვაშიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ მოაწერინეს ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე.

არავინ არ აპირებს სახელმწიფო გადატრიალებას, ამბოხს. ჩვენი პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს გათავისუფლებული. ეს არც გეგმა იყო, არც არაფერი. შეკერილი საქმე ჰქონდათ, რომელიც საარჩევნო ფანდი იყო, მიკროფონით სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფოს ამბოხი არ ტარდება“,- ამბობს გიორგი შერვაშიძე მედიასთან საუბარში.

სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას.

29 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ეს საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

სუს-ის თანახმად, "საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #18 სასჯელაღასრულების დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით, მისასვლელი გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ქმედებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს ადგილი შეიძლება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში ეტაპირების დროსაც", - განცხადების სტილი დაცულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სცენარის გაჟღერება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასწრო. მან "იმედის" ეთერში თქვა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში დაიწყებოდა მუდმივი ქაოსი.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, ერთადერთი გეგმა, რაც შემუშავებული აქვთ, რომ რამენაირად, შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს, რომ ჩვენ მას გადავიყვანდით კერძო კლინიკაში... გეგმა არის, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზაციას შეძლებენ და ჩვენ მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი და ჯაჯგური და პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება და აქაც ვუბრუნდები პირველ სცენარს [პოლიტიკოსების მოკვლა], იგივე სცენარია ერთი-ერთში", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და 1 ოქტომბრიდან საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება მხოლოდ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში.

20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG