Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქცია დაიწყო


ბათუმში, მთავრობის სახლთან, "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქცია დაიწყო. იქ შეკრებილ მოქალაქეებს პარტიის ლიდერები მიმართავენ. სცენაზე დგანან სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც.

ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იყო. მან თქვა, რომ აქციები არ შეწყდება მანამდე, სანამ "სიმართლე არ გაიმარჯვებს" და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

"ხალხო, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ. ჩვენ არჩევნებში დავუპირისპირდით ვის და რას, ძალიან კარგად ვიცით. ეს ბრძოლა კი არ დასრულებულა, ახლა დაიწყება გამარჯვებამდე. არცერთ შემთხვევაში არ იქნება უკან დახევა, არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვსურს, არამედ იმიტომ, რომ ვალდებულები ვართ. ჩვენ მოგვპარეს არჩევანი ძალადობით და უღირსი მეთოდებით. რახან ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით მე თვალს რეალობას არ გავუსწორებ, მაშინ უნდა ვაიძულოთ, რომ ის შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში", - თქვა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ სიცოცხლის დათმობაც რომ მოუწიოს, ბოლომდე იბრძოლებს მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.

"მირჩევნია მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვიჯდე საკანში, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო... გარწმუნებთ, ჩვენ არ გვიწერია დიდი ხანი საკანში ჯდომა, მაგრამ ჩვენ მათ რევანშს არ მოვუწყობთ", - თქვა მელიამ.

31 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ნიკა მელიამ უთხრა, რომ საქართველოში დაიწყებდნენ პერმანენტულ აქციებს. "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს აქციები გამართოს დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში და თბილისშიც. თბილისში აქცია 6 ნოემბერს არის დაგეგმილი.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG