Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის სასამართლომ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის იმედა კლდიაშვილი დააჯარიმა


"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი და ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატი, იმედა კლდიაშვილი ქუთაისის სასამართლომ დააჯარიმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლემ პოლიციელების მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნია, როცა ისინი კლდიაშვილისგან მოითხოვდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელიდან მანქანა გადაეყენებინა, შემდეგ კი გადასულიყო მანქანიდან.

იმედა კლდიაშვილი პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობითა და სუს-ის შესასვლელის ბლოკირებით ცდილობდა გაეპროტესტებინა ის შედეგები, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამოცხადდა. ის მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ სუს-ის დახმარებით არჩევნები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააყალბა.

მოსამართლემ მას 2000 ლარის გადახდა დააკისრა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ექვსი თვით შეუჩერა მართვის მოწმობით სარგებლობის უფლება.

გუშინ, 1 ნოემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში ამავე ქალაქის 90-ე უბნის ერთ-ერთმა რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ მმართველი პარტია, "ქართულ ოცნება", არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ მას უკავშირდებოდნენ მმართველი პარტიიდან და მისგან ითხოვდნენ უბანზე არარეგისტრირებული ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლება მიეცა. ქალმა ასევე თქვა, რომ ამავე პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ მისთვის ხელი შეეშალათ, როცა ის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიდიოდა და შესთავაზეს "უყიდდნენ ყველაფერს, რაც მას სჭირდებოდა". მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია უარყვეს.

იმედა კლდიაშვილმა თქვა, რომ იზა ჩირგაძის მონაყოლმა დაარწმუნა იმ ეჭვებში, რომელიც მას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობასა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებში" ამბობენ, ეს რეგისტრატორი უკვე უარს ამბობს საჯაროობაზე და მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.

სწორედ მას შემდეგ, რაც იზა ჩირგაძესთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაკავშირება ვეღარ შეძლეს, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა და ამავდროულად ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა პროტესტი გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქუთაისის შენობასთან - ჩახერგა შესასვლელი და არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას. ის ამბობდა, რომ სუს-მა არჩევნები გააყალბა და ასე უცხადებდა მხარდაჭერას იმ რეგისტრატორს, რომელმაც ეს პრობლემა საჯარო გახადა.

​იმედა კლდიაშვილი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. მან უარი თქვა დამორჩილებოდა მათ მოთხოვნას და დაეტოვებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორია. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

იმედა კლდიაშვილის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა მას გმირი უწოდა და მადლობა გადაუხადა.

"ქუთაისში მოგებული და მოპარული არჩევნების შემდეგ იმედა კლდიაშვილმა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. აი, ასეთი გმირობის აქტების ეშინია სიკვდილივით რეჟიმს. ამ თავისუფლებისმოყვარე ქართველისგან ყველამ მაგალითი უნდა ავიღოთ. მე ვამაყობ, რომ მისი თანამემამულე ვარ", - აცხადებს ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.

30 ოქტომბრის არჩევნებზე, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის განსხვავება მცირეა.

არჩევნებზე ხმები ასე გადანაწილდა:

  • ხატია დეკანოიძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 32 703 ხმა (48,36%);
  • იოსებ ხახალეიშვილი ("ქართული ოცნება") - 34 925 ხმა (51,64%).

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ არა მასშტაბური გაყალბება, მათ მოგება გარნტირებული ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG