Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნონა მამულაშვილი: პოლიტიკოსად ხომ მაინც ვრჩები მანდატის გარეშეც?!


ნონა მამულაშვილი, პარლამენტის დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი
ნონა მამულაშვილი, პარლამენტის დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება ნაჩქარევი არ ყოფილა და აზრი არ შეუცვლია, თუმცა ამას საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს:

„დღესაც ანალოგიურად მე არ ვამბობ, რომ პარლამენტში დარჩენას ვაპირებ. მე ვიძახი, რომ მე საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა დავუჭირო მხარი, როგორც ეს ქვეყანას სჭირდება, როგორც ეს სჭირდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებას იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ის დესტრუქციული ძალა, რომელიც ხელს შეუშლის და „ქართულ ოცნებას“ მისცემს საშუალებას, რომ თითი ჩვენკენ გამოიშვიროს. ჩვენ ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვტოვებთ მანდატებს“, - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

„დილის საუბრებში“ ნონა მამულაშვილმა აღნიშნა, რომ მანდატის გარეშეც პოლიტიკოსად რჩება და პარლამენტის დატოვება ხელს არ შეუშლის აქტიურ საქმიანობაში, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში:

„პარლამენტში ჩვენ ვნახეთ, რომ ნებისმიერი პროტესტის სახეს უპირისპირებენ ძალადობას და პირდაპირ უკვე გამოგვათრიეს დარბაზებიდან და არ გვაძლევენ არც მიკროფონის საშუალებას. მანდატს ვერ ვიყენებ იმისთვის, რომ შევიდე მიხეილ სააკაშვილთან იმიტომ, რომ კონკრეტულად ჩემზე აქვს ბატონ კუჭავას პრობლემა და არ მიშვებს მიხეილ სააკაშვილთან. ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ახლა მანდატით თუ მანდატის გარეშე ურთიერთობას ვაგრძელებ. პოლიტიკოსად ხომ მაინც ვრჩები მანდატის გარეშეც?! ამ ხალხს აინტერესებს, რომ ესაუბროს ხალხს, ვისაც აქვს ხედვა, ვისაც უნდა ამ ქვეყნის მომავალი, ვისაც უნდა ამ ქვეყნის დასავლეთთან დაახლოება. და მე ვაგრძელებ ამ მუშაობას. ამაში მე რეალურად მანდატი არაფერს არ მმატებს და არაფერს არ მაკლებს. ანუ მანამდეც ველაპარაკებოდი ანალოგიურად და ახლაც შემიძლია გავაგრძელო მანდატის გარეშეც საუბარი. ჩემთვის მიზანი არის ერთადერთი, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს რეაგირება და მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან“, - განაცხადა ნონა მამულაშვილმა. „დილის საუბრებში“ მან თქვა, რომ ამჟამად ბალტიისპირეთის ქვეყნებში მართავს შეხვედრებს, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას გეგმავს.

1 ნოემბერს, სადეპუტატო მანდატის დატოვების თაობაზე განცხადებები გააკეთეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე, 31 ოქტომბერს, პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. დეპუტატის მანდატს ტოვებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც. 2 ნოემბერს, ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ მიუხედავად ბოიკოტისა, ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დეპუტატის მანდატების დატოვების შესახებ საპატიმროდან გამოგზავნილი წერილის საშუალებით 1 ნოემბერს მოუწოდა, 2 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ იგი ამის გაკეთებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დასრულებამდე არ ურჩევს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არსებობს არავითარი ვალდებულება, რომ პარლამენტმა რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს. ამის შესახებ განცხადება მან 2 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში, ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, რადგან დადგენილია პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით, რომელიც ლეგიტიმურია და 2024 წლიდან ამოქმედდება.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG