Accessibility links

site logo site logo

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებულთა გადარჩენით ჩვენ უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე აშშ-ს


კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების უფრო კარგი შედეგებია, ვიდრე აშშ-ში ან ევროპის 33 ქვეყანაში. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი რომ მაღალი იყოს, უკეთესი შედეგი იქნებოდა.

"თქვენ აპელირებთ 40-50 გარდაცვლილზე, მაგრამ მსოფლიო სხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს... მსოფლიო ოპერირებს სხვა მაჩვენებლებით - გადარჩენისა და გარდაცვალების პროცენტით - ანუ ყველა კოვიდავადმყოფს შორის რამდენი პაციენტი გარდაიცვლება და რამდენი გადარჩება. ამ კუთხით საქართველოს აქვს უკეთესი მაჩვენებელი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 33 ქვეყანას", - თქვა ცერცვაძემ.

მისი თქმით, აშშ-ში ინფიცირებულებს შორის გარდაცვალების მაჩვენებელი 1,92 პროცენტია, საქართველოში კი 1 პროცენტის ფარგლებში. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ამ მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ვაქცინაცია.

მილიონ მოსახლეზე ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე აშშ.

საქართველო მე-4 ადგილზეა შემთხვევათა ჯამური რაოდენობით, მილიონ მოსახლეზე გადათვლით ყველა სახელმწიფოს შორის; იმ ქვეყნებს შორის კი, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, საქართველო პირველ ადგილზეა.

მაგალითად, საქართველოში ვირუსი დაუდასტურდა თითქმის 733 ათას ადამიანს, რაც ყოველ მილიონ მოსახლეზე 184 ათასზე მეტია, გარდაცვალების მაჩვენებელი კი 2560-ია. აშშ-ში კორონავირუსი 47 მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა, რაც მილიონ მოსახლეზე 141 ათასია, გარდაცვალების მაჩვენებელი 2305-ია.

თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში ყოველი 100 ინფიცირებულიდან 1,64 პროცენტი იღუპება, საქართველოში კი 1,39 პროცენტი.

საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 ინფიცირებულზე სექტემბერში 2.43% - იყო.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 6024 შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 732 965 შემთხვევა. მათგან 673 640 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 10 185 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG