Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი: მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისკენ


სახელმწფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სოციალური ქსელებითა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მოქალაქეთა ნაწილი ისეთი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უწყება რევოლუციისკენ მოწოდებად აღიქვამს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მოწოდება, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით", - აცხადებენ სუს-ში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, დასჯადია.

სუს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს განცხადება პრევენციული ხასიათის არის და საგამოძიებო ორგანოში არავინ დაუბარებიათ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით თითქმის ყველა ქალაქში გამარჯვებულად "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები გამოცხადდნენ, მოქალაქეების ნაწილმა გააჟღერა მოსაზრება "მშვიდობიან რევოლუციაზე". ასევე ითქვა, რომ თუ რუსთავის ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ, ის უნდა გამოიხსნან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG