Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რუსთავის ციხესთან აქცია იმართება


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რუსთავის ციხესთან, სადაც ის არის დაპატიმრებული, აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორი "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანია.

"დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, მაგრამ ახლა ჩვენთვის იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლე, ყოველი დღე, ყოველი წუთი, იქედან გამომდინარე, რომ შიმშილობის 34-ე დღეა, თითოეული ადამიანი, რომელიც აქ ვიქნებით ან არ ვიქნებით, ვითხოვთ ერთსა და იმავეს, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საავადმყოფოში.... მიშას ჯანმრთელობაზე დარდობს ყველა პატრიოტი, ვინც იაზრებს, რას ნიშნავს ჩუმად ყოფნა, როცა პრეზიდენტს კლავენ", - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მან აღნიშნა, რომ დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოვლენ სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანები, სამოქალაქო აქტივისტები, უფლებადამცველები და რიგითი მოქალაქეები.

"მე პირველ რიგში აქ ვარ, როგორც უფლებადამცველი და მეორე რიგში - როგორც მოქალაქე, ამ ქვეყნის გულშემატკივარი. დღეს მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ, ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი - დღეს გვყავს პატიმარი, რომელსაც არ ღირსებია სამართლიანი სასამართლო. დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ადამიანის უფლებები და არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობა", - თქვა აქციაზე ბაია პატარაიამ, ქალთა უფლებათა დამცველმა.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანისა და გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ციხესთან პერმანენტული აქციები გაიმართება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აცხადებენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

XS
SM
MD
LG