Accessibility links

site logo site logo

კოვიდ-პაციენტებს საქართველოში მონოკლონური ანტისხეულებით უმკურნალებენ


კოვიდ-პაციენტების სამკურნალოდ საქართველო მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებას იწყებს. ქვეყანაში უკვე შემოტანილია მონოკლონური ანტისხეულების 5000 დოზა, რომელთაგანაც, 3000 განკუთვნილი იქნება ჰოსპიტალიზირებული პაციენტებისათვის, 2000 კი ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში დარჩენილი ავადმყოფებისთვის.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა საქართველოში 5-7 დღეში, ანუ დაახლოებით 10 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს. საერთაშორისო გამოკვლევების თანახმად, მონოკლონური ანტისხეულები მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის გამოჯანმრთელების პერიოდს, საავადმყოფოში დაყოვნების ვადას და რაც მთავარია, ამცირებს გარდაცვალების რისკს:

თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

„მინდა მივმართო მოსახლეობას, დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ისეთი შესაძლებლობები პაციენტების მართვის, როგორც ბინაზე, ისე განსაკუთრებით ჰოსპიტალში, რომ თუკი პაციენტები მოგვმართავენ დროულად, ინფიცირების პირველი ერთი კვირის განმავლობაში, ვიძლევით გარანტიას, რომ პაციენტების მაქსიმალური რაოდენობა იქნება გადარჩენილი რეანიმაციაში მოხვედრისგან და სიკვდილისგან“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

საქართველომ ორი ჯგუფის მონოკლონური ანტისხეულების 5000 დოზა, აშშ-ისა და გერმანიისგან, დონაციის სახით მიიღო. პირველი ჯგუფის, ამერიკული ფარმაცევტული ფირმა Lilly-ს მიერ წარმოებული მონოკლონური ანტისხეულები -ბამლავივიმაბი და ეტესებიმაბი, განკუთვნილია მხოლოდ ამბულატორიული პაციენტებისათვის.

მონოკლონური ანტისხეულების მეორე ჯგუფი, შვეიცარული კომპანია Roche-სა და წამყვანი ბიოტექნოლოგიური კომპანიის Regeneron-ის მიერ წარმოებული - კასირივიმაბისა და იმდევიმაბის კოქტეილია, რომელიც ჰოსპიტალიზირებული პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.

ორივე შემთხვევაში, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, თუ ვის და როდის ენიშნება მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა.

მონოკლონური ანტისხეულით მკურნალობა ძირითადად უტარდებათ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ავადობის დამძიმების რისკ-ფაქტორები:

  • ასაკი - 65 წელს ზემოთ;
  • ჭარბწონიანობა;
  • დიაბეტი;
  • ჰიპერტენზია;
  • გულსისხლძარღვთა დაავადებები;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები (საშუალო და მძიმე ფორმის ასთმა, ინტერსტიციული დაავადებები, ფილტვის არტერიის ჰიპერტენზია);
  • იმუნოდეფიციტი და სუსტი იმუნური სტატუსი;
  • და სხვა ქრონიკული დაავადებები;

მონოკლონური ანტისხეულები - სახლში დარჩენილი პაციენტებისთვის

ბინაზე სამკურნალოდ დარჩენილი პაციენტებისათვის განკუთვნილ მონოკლონურ ანტისხეულებს - ბამლავივიმაბსა და ეტესებიმაბს, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა და ის აშშ-ის არაერთ შტატში აქტიურად გამოიყენება. ანტისხეულები შეიძლება როგორც ზრდასრულ ისე 12 წლიდან ზემოთ პაციენტებს, რომლებიც მინიმუმ 40 კილოს იწონიან. მონოკლონური ანტისხეული მექანიკური ბმით ანეიტრალებს ვირუსის სპაიკ ცილას და უჯრედთან ბმას:

როგორც თენგიზ ცერცვაძე უხსნის რადიო თავისუფლებას, ბინაზე დარჩენილი პაციენტებისათვის მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის გადაწყვეტილებას ოჯახის ექიმები მიიღებენ. ამისათვის, მისი თქმით, ექიმები უკვე გადიან და მომავალშიც გაივლიან შესაბამის ტრენინგებს.

ოჯახის ექიმმა უნდა შეაფასოს ის რისკ-ფაქტორები, რამაც შესაძლოა პაციენტის დამძიმება გამოიწვიოს და პაციენტს მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის დანიშნულება მისცეს. მონოკლონური ანტისხეულის მისაღებად, პაციენტები რამდენიმე საათით იქნებიან გადაყვანილნი კლინიკაში, სადაც მათ ჩაუტარდებათ გადასხმა, რის შემდეგაც ისინი კვლავ სახლში დაბრუნდებიან.

მონოკლონური ანტისხეულები ჰოსპიტალიზირებული პაციენტებისთვის

რაც შეეხება მონოკლონური ანტისხეულების მეორე ჯგუფს, კასირივიმაბისა და იმდევიმაბის კოქტეილს, ის განკუთვნილია უკვე ჰოსპიტალიზირებული პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ ვირუსის დამძიმების საფრთხე. თენგიზ ცერცვაზის თქმით, ანტისხეულების გადასხმამ ისინი უნდა იხსნას რეანიმაციაში მოხვედრისგან, ინტუბირებისგან, სიკვდილისგან.

მონოკლონური ანტისხეულების ფასი დღეს 1200-დან 2400 დოლარამდე მერყეობს. გარდა დონაციით მიღებული მონოკლონური ანტისხეულებისა, თენგიზ ცერვაძის თქმით, უახლოეს ორი კვირაში საქართველოში შემოვა კიდევ 500 დოზა კასირივიმაბი და იმდევიმაბი, რომელიც საქართველომ გერმანიისგან შეიძინა:

„ჩვენ გვექნება მსოფლიოში არსებული ყველაზე ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტის 3500 დოზა. 3500 დოზა ერთი შეხედვით ბევრი არ არის, მაგრამ ამ კლასის მედიკამენტისთვის არც ცოტაა, რადგან ის განკუთვნილია არა ყველა პაციენტისთვის, არამედ მძიმე ავადმყოფებისთვის და მძიმე ავადმყოფი, ერთ-ორი თვის განმავლობაში, ამაზე მეტი არ გვეყოლება. ამის შემდეგ, რაც ეს მარაგი წავა ამოწურვისკენ, ქვეყანა უკვე იღებს ზომებს, რომ მიუხედავად მედიკამენტის საკმაოდ მაღალი ფასისა, პრეპარატი უწყვეტ რეჟიმში შევიძინოთ“.

დამტკიცების შემთვევაში, მიიღებს თუ არა საქართველო ანტივირუსულ პრეპარატებს?

გარდა მონოკლონური ანტისხეულებისა, როგორც თენგიზ ცერცვაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მას შემდეგ, რაც დასრულდება კომპანია „ფაიზერისა“ და „მერკის“ მიერ შექმნილი ანტივირუსული პრეპარატების კლინიკური კვლევები და მედიკამენტები FDA-ის რეკომენდაციას მიიღებენ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ პრეპარატებს მიიღებს:

„მეცნიერები და ექიმები წლის ბოლოს ველოდებით უახლეს მედიკამენტებს - „მერკის“ მიერ შექმნილ „მოლნუპირავირს“ და „ფაიზერის“ მიერ შექმნილ ტაბლეტირებულ მედიკამენს, რომლებიც პრევენციული მიზნებით იქნება გამოყენებული. როგორც კლინიკური კვლევები გვიჩვენებს, ის შეიძლება დიაგნოზის დასმისთანავე მისცე ყველა კოვიდ-ავადმყოფს და ისინი აღარ დამძიმდებიან. ველოდებით, რომ ეს მედიკამენტები FDA-ის რეკომენდაციას დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ. საქართველომ წინმსწრებად გაატარა ყველა ღონისძიება. სამინისტრო მუდმივ კონტაქტშია ამ ორ კომპანიასთან და არის მყარი შეპირება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტებს. ხოლო სანამ ეს ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი გამოვა, მონოკლონური ანტისხეულები არის ყველაზე მაღალტექნოლოგიური მედიკამენტები და ყველაზე რეალური საშუალება, რომ მაქსიმალურად შევამციროთ პაციენტების მოხვედრა რეანიმაციაში, მათი ინტუბირება და სიკვდილობა“.

როგორ აპირებს ხელისუფლება მართოს მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება?

მიუხედავად უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, როდესაც ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 6000-ს გადასცდა, ხოლო გარდაცვალების ყოველდღიური რიცხვი 40-50-ს შორის მერყეობს, ხელისუფლება ჯერ კიდევ არ აკონკრეტებს, როგორ და რა გზებით აპირებს ურთულესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვას.

ამ ფონზე იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი, ფაქტობრივად, ჩავარდნის პირასაა, არის მოლოდინი, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე აღიარებს, რომ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ამოწურულია, ის ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 33-35%-ზე შეჩერდა და ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუკი არ იქნება შემოღებული უფრო ქმედითი ღონისძიებები, მათ შორის, შემზღუდველი ღონისძიებები, ვაქცინაციის მაჩვენებელი აღარ გაიზრდება.

ამ ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის კი უპირველესად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, გამორიცხავს მაგალითად, გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების საკითხს. რამდენიმე დღის წინ მან თავად განაცხადა, რომ ის სავალდებულო ვაქცინაციას „არ დაუშვებს“.

პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების სირთულისა, დადგა დრო, როდესაც ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს კონკრეტული ჯგუფებისათვის. ის ემხრობა ქვეყანაში ე.წ. მწვანე პასპორტების შემოღებასაც:

„ვთვლი, რომ ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის, ძალოვანი სტრუქტურებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, ისევე როგორც სხვა არაერთ ქვეყანაში. ეს არ არის საქართველოში იოლად მისაღები გადაწყვეტილება. ევროპაშიც დიდი წინააღმდეგობა მოყვა ამას. ვნახეთ აქციები, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებითაც დაშალეს. ამ პოლარიზებულ და პოლიტიკურად უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში, მწვანე პასპორტის გასაპროტესტებლად გამოსული ხალხის წინააღმდეგ რომ კიდევ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოეყენებინა ხელისუფლებას, წარმოგიდგენიათ ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა? ამიტომ ჩვენი ქვეყანა ფრთხილად დგამს ამ ნაბიჯებს, მაგრამ ახლა უკვე დადგა დრო, როდესაც სხვა გზა აღარ არის“.

ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, არანაირი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება არ იგეგმება და საზოგადოებამ ის რეკომენდაციები უნდა გაიზიაროს და შეასრულოს, რაც დღეს მოქმედებს, მაგალითად, პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეებში, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება.

თუმცა, როგორც ჩანს, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში, ამოქმედდეს ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმი. 3 ნოემბერს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ უკვე დამუშავებულია მწვანე პასპორტის კონცეფცია, რომელიც ერთი მხრივ უნდა იქცეს ვაქცინაციის წახალისების ერთ-ერთ გზად და მეორე მხრივ, სხადასხვა სივრცეში განსაზღვროს ადამიანთა უსაფრთხოება:

თამარ გაბუნია
თამარ გაბუნია

„ტექნიკურ დეტალებზე მიდის მუშაობა და ვფიქრობ, რომ მოკლე ხანში უკვე მზად იქნება ეს სისტემა იმისთვის, რომ ჩაეშვას. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ პირი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ეპიდემიურად სარისკო ღონისძიებებში, იყოს ეპიდემიურად უსაფრთხო. არსებული მოდელით კოვიდ-პასპორტი უფრო აქტიურად გამოიყენება გასართობ ღონისძიებებზე დასასწრებად, ასევე სარესტორნო ბიზნესში, სასტუმროებში. საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ამ საკითხს და დაზუსტდება როდიდან შემოვა ძალაში მწვანე პასპორტები“, - თქვა თამარ გაბუნიამ.

საინტერესოა ისიც, რომ 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ჩავარდნილი ვაქცინაციის პასუხისმგებლობის ტვირთი ირიბად, მაგრამ მაინც, აცრილ მოსახლეობას აჰკიდა:

„დღეს მილიონამდე ადამიანია ვაქცინირებული. თითოეულმა ვაქცინირებულმა ადამიანმა რომ იმუშაოს კიდევ ერთ ადამიანთან და ის დაარწმუნოს ვაქცინაციის აუცილებლობაში, ამითი ჩვენი ეპიდემიოლოგიური სურათი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზიარების გარეშე, ეპიდემიები არ დამთავრებულა არცერთ ქვეყანაში“.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი პიკი, 6024 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს 17 აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაიცვალა 49 პაციენტი. ვირუსის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 10.33% შეადგინა.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.  

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG