Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას მსუბუქ დანაშაულებზე - ბოტკოველი სააკაშვილის შეწყალების საკითხზე


საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განმარტა საპატრიარქოს შუამდგომლობის საკითხი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების პროცესში. მისი თქმით, არსებობს იურიდიული დეპარტამენტი, რომელიც ათწლეულებია იღებს დოკუმენტებს მსჯავრდებულების შესახებ, განიხილავს მათ და შემდეგ გზავნის იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„ასეთი წერილები შემოდის ათობით და ასობით. მინდა გითხრათ, რომ ყველა წერილი არ კმაყოფილდება. ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას, მაგრამ არა მძიმე კატეგორიის პატიმრებს, არამედ მსუბუქ დანაშაულებზე“, - აცხადებს ბოტკოველი და ამატებს, რომ ის არ არის იურიდიულ სამსახურთან „აქტიურ შემხებლობაში“.

მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა პატრიარქ ილია მეორის წერილი, რომელშიც ის სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. მისი თქმით, სააკაშვილმა პატრიარქისადმი პატივისცემა გამოხატა, თუმცა თქვა, რომ შიმშილობას კვლავ განაგრძობს, „რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია“.

„გადავეცი პატრიარქის გამოგზავნილი სეფისკვერი. დაიტოვა, თუმცა გამოთქვა წუხილი, რომ რადგანაც არ ჭამს, შეინახავს მას“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, წინა მონახულების შემდეგ, სააკაშვილი წონაში დაკლებულია, თუმცა სხვა პრობლემები, მაგალითად, მეტყველებაზე ან აზრის ჩამოყალიბებაზე, ვერ შეატყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG