Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ერიკა ოლსონს


ერიკა ოლსონი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ერიკა ოლსონი, ირაკლი ღარიბაშვილი.

სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში, 4 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ერიკა ოლსონი, თბილისში ჩამოვიდა. ის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის ურყევი, ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომლის შედეგად, ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანამ არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ილაპარაკა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, აუცილებელია ქვეყნის განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება რეგიონში აშშ-ის ერთგულ და საიმედო მოკავშირედ.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს, ასევე იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რომელსაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან. განსაკუთრებით აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, ამერიკულმა მხარემ ასევე აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების პროცესის დასაწყებად.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ესწრებოდნენ.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ოლსონი შეხვდება პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებს, ასევე ის დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და გაეცნობა საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG