Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შეწყვიტა მინერალებისა და გლუკოზის მიღება


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 37-ე დღეა რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს, იუსტიციის მინისტრისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება და აქვეყნებს თავისი შიმშილობის დეტალებს.

გარდა ამისა, ექსპრეზიდენტის თქმით, სპეკულაციების გამორიცხვის საფუძვლით, მან 6 ნოემბრიდან შეწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, 30 ოქტომბრის შემდეგ, მან ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს შედის შიმშილობის პროტოკოლში, რამდენიმე ბოთლი წვენი მიიღო. ის უარყოფს სხვა მყარი საკვების მიღების ფაქტს:

„არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ, ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ. დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი სპეკულაცია, უარი ვთქვი არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა. ეს ნიშნავს რომ ნებისმიერ წუთს და მაქსიმუმ რამდენიმე დღეში, მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება და ისინი ამ მიზანთან ძალიან ახლოს არიან. ახლა მე მაქვს იმედი ქართველი ხალხის სოლიდარობის, ადამიანურობის და მოქალაქეობრივი პოზიციის“.

5 ნოემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკვები რაციონის შესახებ. როგორც ის აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს სხვადასხვა სახის ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას 5 ნოემბერსვე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ:

„მე არ მინახავს მისი ფაფის ჭამა, - აღნიშნა ყიფშიძემ და განაგრძო, - მე არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. მე არ მინახავს ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, ჰკითხეთ ექთნებს, იქ ბევრი ხალხია. ყველგან კამერებია“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG