Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია იწყება


რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იწყება, რომლის მთავარი მოთხოვნაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია არ დაიშლება, მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მათივე განცხადებით, აქციები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

უწყვეტი აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უწყება ფლობს ინფორმაციას, რომ 6 ნოემბრიდან დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები გეგმავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG