Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ეკიპაჟი აქციაზე მოქალაქის დასახმარებლად დროულად მივიდა

6 ნოემბერს, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამარულ აქციაზე, სადაც მამაკაცი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, თვითმხილველთა თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე მისვლა დააგვიანა.

საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, რომ ეკიპაჟი ინციდენტის ადგილზე დროულად მივიდა.

„მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა. ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე მივიდა. პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში“.

საგანგებო სიტუაციის სამსახურის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შესული შეტყობინებების საფუძველზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია განახორციელა, ხოლო 7 მოქალაქეს ადგილზე გაუწია სამედიცინო დახმარება.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ეკიპაჟი იმყოფება.​

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მამაკაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

„კლინიკაში მას არავითარი რეანიმაციული პროცედურები არ ჩატარებია. გარეგნული ნიშნებით, სავარაუდოდ, ინფარქტით გარდაიცვალა, ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში“.

აქციის მონაწილეები, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ, სხვადასხვა მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ მამაკაცი უეცრად გახდა შეუძლოდ, მან გონება დაკარგა და დაეცა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG