Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: მიხეილ სააკაშვილი ვაზიარე


ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აზიარა. მან ამას ისტორიული დღე უწოდა და მიზეზი განმარტა.

"დღეს არის 8 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღე. მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ისტორიული დღე, ეს არის ჩემი შეფასება, მე ვიყავი საპყრობილეში და მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

ეს არის ფიზიკურად პატარა ნამცეცი, სულ პატარა ნამცეცი, რომელიც არის ქრისტეს ხორცი გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით და მან ეს მიიღო..." - თქვა მიტროპოლიტმა.

მან სააკაშვილის შიმშილობას მარხვა უწოდა. მიტროპოლიტის თქმით, სააკაშვილმა სთხოვა მათ ზიარება.

"რატომ ვთვლი, რომ დღეს არის ისტორიული დღე. მასზე ხშირად ამბობენ, მოინანიოს, შეინანოს. მე მინდა გითხრათ, რომ სინანული ქრისტიანული გაგებით არის მოქმედება და არ არის "ნიანგის ცრემლები" - მოჩვენებითი აღიარება იმისთვის, რომ საპყრობილიდან ადამიანმა თავი დაიხსნას...

40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვღებულობ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ და არასოდეს არავის მოუცია შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე. იგი ეზიარა ღირსეულად...

მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და ასე 40 დღე მშრალად მარხვის შენახვა, აღსარება და ზიარება არის ძალიან დიდი ღვაწლი...

პოლიტიკოსებისთვის ეს იყო შიმშილობა, ჩემთვის ეს იყო მარხვა..." - თქვა მან.

მისი თქმით, 40 დღის განმავლობაში "მშრალი მარხვის" შენახვის მხოლოდ ისტორიული მაგალითები არსებობს. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ასეთი იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც გალობანი სინანულისანი შექმნა.

"მან გალობანი სინანულისანი შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არის და მასაც დიდი ცოდვები ჰქონდა საკმაოდ", - თქვა მიტროპოლიტმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. ახლა გასულია 39 დღე.

იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილი არ შიმშილობდა, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ციხის სამედიცინო ოთახში ვიზიტის კადრები გაასაჯაროა. უწყება ამბობს, რომ კადრებში ჩანს, როგორ "იღებს საკვებს და ნატურალურ წვენს".

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, "ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი და შეჩერებული აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა". ომბუდსმენის მოადგილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მცირე დოზის დანამატები მიიღო თამთა დემურიშვილთან, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ხელმძღვანელთან კომუნიკაციის შემდეგ და უარი თქვა დოზის გაზრდის შეთავაზებაზე. ბურჯანაძის თანახმად, შემოწმებული სამედიცინო ჩანაწერებით, მართლაც დასტურდება, რომ ლაპარაკია ამ დანამატების ერთეულ და მცირე რაოდენობით მიღებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG