Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პარტიები შეთანხმდნენ კოალიციურ მთავრობაზე და რუსეთთან კავშირების "გადასინჯვაზე"


პეტრ ფიალა
პეტრ ფიალა

გასულ თვეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკაში ხუთმა პარტიამ მოაწერა ხელი ძალაუფლების დანაწილების შეთანხმებას, რომელიც კოალიციური მთავრობის ფორმირების საფუძველი გახდება. პარტიები აცხადებენ, რომ განამტკიცებენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებით, ხოლო რუსეთთან და ჩინეთთან კავშირები "გადასინჯვას" დაექვემდებარება.

57 წლის პეტრ ფიალამ - სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა - შეთანხმებას ხელი 8 ნოემბერს მოაწერა, რითიც გაფორმდა ევროსკეპტიკოსი პრემიერის, ანდრეი ბაბიშის და მისი პოპულისტური მოძრაობის, "ANO"-ის, წასვლა ხელისუფლებიდან.

8-9 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში პარტიებმა - სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატებმა, TOP 09-მა, მეკობრეების პარტიამ და STAN-მა - საერთო ჯამში 108 ადგილი მოიპოვეს პარლამენტის 200-მანდატიან ქვედა პალატაში.

42 გვერდისგან შემდგარი კოალიციური შეთანხმება განსაზღვრავს ახალი მთავრობის დაუყოვნებელ ამოცანებს, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ბრძოლას, მაღალ ინფლაციასთან გამკლავებას და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას.

შეთანხმებაში ნათქვამია, რომ საგარეო პოლიტიკა დაეყრდნობა "ევროკავშირსა და ნატოში მოძრაობას და კარგ ურთიერთობას ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან".

ამასთან, შეთანხმებაში ვკითხულობთ: "ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობის გაღრმავებას დემოკრატიულ პარტნიორებთან აზია-წყნარი ოკეანის სივრცეში (როგორებიცაა ტაივანი, იაპონია, კორეის რესპუბლიკა და სხვა)" და "გადავსინჯავთ კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან".

შეთანხმებაში დაზუსტებული არ არის, რა იგულისხმება კავშირების გადასინჯვაში.

პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელსაც რუსეთთან ზედმეტად მეგობრული კავშირების გამო აკრიტიკებენ, ამბობს, რომ სურს ჩაატაროს პრემიერად ფიალას დანიშვნის ცერემონია - თუმცა გაურკვეველია ამას რამდენად შეძლებს, რადგან ზემანი საავადმყოფოში იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG