Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრი: გლდანის ციხეში სააკაშვილმა პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერში ისაუბრა. მას არ დაუკონკრეტებია რომელი სატრანსპორტო საშუალებით გადაიყვანეს მოშიმშილე სააკაშვილი იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელში გადაყვანაზეც ის და მისი უფლებადამცველები უარს აცხადებდნენ.

"მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა და შესაბამისად, გაიზარდა რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო," - ასე ახსნა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება. ის ჰყვება, რომ გლდანის ციხეში სააკაშვილი ციხის პერსონალს დაუპირისპირდა და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ფაქტს ბრეგაძის თქმით, გენერალური ინსპექცია სწავლობს და იქნება შესაბამისი რეაგირება.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, სამწუხაროდ, მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. აქვე გეტყვით, რომ ეს არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე და ჩვენ ვერავის მივცემთ მათი შეურაცხყოფის უფლებას.

რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერავის, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერც მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც თვეების განმავლობაში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ, ასე მოექცეს. საზოგადოებისთვის ყველაფერი მალე გახდება ცნობილი. გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას და ეცნობება საზოგადოებას და ადვოკატებს“, – თქვა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის გამო მიღებული იყო ეს გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და მასზე შესაბამისად იზრუნებს სამედიცინო პერსონალი. მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო, ვიდრე მე-12 დაწესებულებაში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს გადაწყდა მისი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ყველამ ერთობლივად ვიხილეთ სუს-ის ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი მოხდებოდა პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, ამ შემთხვევაში გამოჩნდებოდა ჯგუფი, რომელიც შეეცდებოდა გზების ჩახერგვასა და ხელის შეშლას“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრისას. მან უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ადვოკატები და ოჯახის წევრები არ იყვნენ ინფორმირებული, თუმცა არ უთქვამს, კონკრეტულად ვინ და როდის გააფრთხილა სისტემამ სააკაშვილისთვის ადგილის შეცვლის შესახებ.

8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციური სისტემის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც სააკაშვილის დედამ გამოთქვა ეჭვი, რომ მისი შვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს, ნათქვამია:

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG