Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია იუსტიციის სამინისტროსთან - დეპუტატები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ


მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაათენა, იუსტიციის სამინისტრომდე მსვლელობას აწყობს - სამინისტროსთან აქცია გაიმართება, რომელზეც მოქალაქეები მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანას გააპროტესტებენ, დეპუტატები კი მოითხოვენ მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას.

მიხეილ სააკაშვილი, მისი უფლებადამცველები და თანამებრძოლები მიიჩნევენ, რომ გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე და უსაფრთხოება სათანადოდ ვერ იქნება დაცული. სახალხო დამცველმა გუშინ, 8 ნოემბერს ღამით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა, რომ ექსპრეზიდენტი რუსთავიდან გლდანში მოტყუებით წაიყვანეს. სააკაშვილი რუსთავის ციხიდან 8 ნოემბერს ისე გადაიყვანეს, რომ იგი დარწმუნებული იყო, სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ.

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და მხარდამჭერების ნაწილი, 8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე შეკრების შემდეგ, ღამით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დარჩა. დღეს იგეგმება რამდენიმე საპროტესტო აქცია, ძირითადად სახელმწიფო უწყებებთან.

8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა სამი მოთხოვნა: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში, წართმეული არჩევნების დაბრუნება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

აქციას წინ უძღოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ამბობს, რომ რუსთავიდან მოტყუებით გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG