Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარცელი სააკაშვილზე: მისი უფლებების დაცვა და სათანადო სამართლებრივი პროცესი არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა


კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

"რასაკვირველია, გულდასმით ვადევნებთ თვალს პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებულ ვითარებას, ჩვენს ისეთ სანდო პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა სახალხო დამცველი", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 9 ნოემბერს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტისა და შედეგების ანალიზს მიეძღვნა.

"ევროკავშირმა თავიდანვე ცხადყო, რომ მისი უფლებების დაცვა და სათანადო სამართლებრივი პროცესი არის გადამწყვეტი და სრულად წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ეს უფლებები გულისხმობს გამჭვირვალე, სამართლიან და სათანადო სასამართლო პროცესს, ადეკვატური ჯანდაცვის მიღების უფლებას, აგრეთვე პატიმრის პირადი ცხოვრებისა და ღირსების დაცვის უფლებას. საქართველოს მთავრობამ არ უნდა დააკლოს მცდელობა ამ უფლებების უზრუნველყოფას", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

კარლ ჰარცელი არჩევნების გაუმჯობესების კუთხით "მორიგ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად" აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ჩამოთვლის ისეთ საკითხებს, რომლებსაც საქართველოსთვის უკანდახევად თვლის:

"სასამართლოს და სასამართლო რეფორმის მდგომარეობა არის 19 აპრილის შეთანხმებისა და ზოგადად ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთი ნიშანსვეტი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლოდროინდელი დანიშვნები იყო მორიგი უკუსვლა - ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული დანიშვნები ხელს არ უწყობს სასამართლოს მიმართ ნდობის, მისი ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ზრდას და ეს ფაქტი ემატება ბოლო ოთხი თვის უკუსვლების სიას, რომელშიც არის აგრეთვე დანიშვნები უზენაეს სასამართლოში, მაკროფინანსურ დახმარებაზე უარი დაპირებული რეფორმების შეუსრულებლობის გამო, გენერალური პროკურორის არჩევის შეთანხმებული საკითხის ჩაგდება, უხერხულობა, როცა ყველამ შევიტყვეთ საქართველოს რიგითი მოქალაქეების მიმართ მასობრივი თვალთვალის შესახებ და 5 ივლისს თბილისში ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობა. სრულიად ნათელია, ახლა ნამდვილად არის ამ სიის მოგვარებისა და შემოკლების და არა მასში ახალი ელემენტების დამატების დრო", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG