Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე სააკაშვილისთვის "შუმოკის" მოწყობაზე: ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო?!


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს არ აქვს კავშირი იმ გინებასა და შეძახილებთან, რომელიც პატიმრების მხრიდან ისმოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დროს. მას ამ საკითხზე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს.

"შეიძლება ეს იყო სავარაუდო იქედან გამომდინარე, თუ რა წარსული აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს ციხესთან... ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო?!. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს წამოსცდა მის თანაგუნდელს, 2012 წლამდე, როცა ის იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, ციხე, განსაკუთრებით გლდანის ციხე იყო წამების, არაადამიანური მოპყრობის ნამდვილი ბუდე. ეს იყო მიხეილ სააკშვილის შემოქმედება. დღეს საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანმა 6-წლიანი სასჯელიც კი არ უნდა მოიხადოს", - თქვა კობახიძემ.

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ ციხის ტერიტორიაზე პატიმრების მხრიდან ისმოდა მისი მისამართით გინება და შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა სააკაშვილის საკანშიც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ვარაუდობდნენ, რომ სწორედ "შუმოკის" მოწყობა იყო ერთ-ერთი მიზანი, რის გამოც ხელისუფლებას სააკაშვილის ამ დაწესებულებაში გადაყვანა უნდოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG