Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში მის მიმდებარედ აქციები არ გაიმართება - ენმ-ის განცხადება


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საკითხზე განცხადება გაავრცელა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".

პარტია და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. განცხადების თანახმად, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ადამიანური ღირსების დაცვა, რომელიც გარდაუვალი საფრთხის წინაშეა არსებულ ვითარებაში", - აცხადებს ენმ.

„ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, 1 ოქტომბრიდან მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. როგორც ის აღნიშნავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ საავადმყოფოში იძულებით გადაიყვანეს.

პარტიის განცხადებით, სააკაშვილი გადაიყვანეს სახალხო დამცველის, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექიმების არაერთგზის მოწოდების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ეხებოდა ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა და სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა იქნებოდა შესაძლებელი.

8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG