Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე: "გატაცება" დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას


საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ბაზაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, ოპონენტებმა "გატაცება" უწოდეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

"გატაცება" - ამ ტერმინს ჩვენი ოპონენტები შეგნებულად ამკვიდრებენ და უნდათ მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და უნდა დაარწმუნონ, რომ თითქოსდა ვინმე გავიტაცეთ... ჩვენმა ოპონენტებმა "გატაცება" დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას..." - აღნიშნა მინისტრმა.

ბრიფინგზე გავრცელდა გლდანის დაწესებულებაში შესახლების კადრები, რომელიც რამდენიმე სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. კადრები პენიტენციურმა სამსახურმა მინისტრის განმარტებით "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" გამო გაავრცელა, იმის დასტურად რომ პატიმარი დაწესებულების შენობასთან რეანომობილით მიიყვანეს, და მან წინააღმდეგობა გაწია სამკურნალო დაწესებულებაში შესახლებისას.

კითხვაზე, იცოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა, სად გადაჰყავდათ, მინისტრმა უპასუხა, რომ სააკაშვილმა იცოდა, რომ გადაჰყავდათ კლინიკაში. მან დაამატა, რომ არ არის პატიმრის გადასაწყვეტი, რომელ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში იმ მოტივით გადაიყვანეს, რომ მის ჯანმრთელობას, შესაძლოა, საფრთხე შექმნოდა.

"როგორც მოგეხსენებათ, მან უარი განაცხადა მკურნალობაში არსებით ნაწილზე და შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი და სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზების მიზნით, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილიყო", - ამბობს რატი ბრეგაძე.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი.

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, ციხის ტერიტორიაზე პატიმრების მხრიდან მისი მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა სააკაშვილის საკანშიც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ვარაუდობდნენ, რომ სწორედ "შუმოკის" მოწყობა იყო ერთ-ერთი მიზანი, რის გამოც ხელისუფლებას სააკაშვილის ამ დაწესებულებაში გადაყვანა უნდოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG