Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინსპექტორი სააკაშვილის კადრებზე: კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება


ფრაგმენტი პენიტენციური დაწესებულების მიერ 11 ნოემბერს გავცელებული კადრებიდან.
ფრაგმენტი პენიტენციური დაწესებულების მიერ 11 ნოემბერს გავცელებული კადრებიდან.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმიანება იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის დაწესებულებიდან გლდანში გადაყვანის კადრების გავრცელებას. უწყება აღნიშნავს, რომ მსგავსი ვიდეოჩანაწერების გავრცელება უკვე სისტემატურია.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არაერთხელ იქნა გავრცელებული მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა უწყება და პირი სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს, ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ინსექტორის სამსახური შესაბამის უწყებებს შეახსენებს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის პარალელურად, მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იქნეს ადამიანის პატივი და ღირსება.

"იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. აღნიშნულ ფაქტზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამინისტროს შენობაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა გლდანის პენიტენციური სამსახურის კუთვნილ სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრები. მინისტრმა ეს მაღალი საჯარო ინტერესით ახსნა.

"თავად პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანომობილიდან და შესახლებულიყო ამ დაწესებულებაში, ამ დროს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა...

ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული. სწორედ ამ მიზნით პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს იმ კადრებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა შესახლებული მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი სააკაშვილი. [კადრები ასახავს] ასევე, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანებას", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

ვიდეოკადრები სააკაშვილის რეანომობილიდან იძულებით, ძალის გამოყენებით გადმოყვანასა და დაწებულებაში შეყვანას ასახავს. კადრებში სხვადასხვა დროს 20-მდე ადამიანი ჩანს, რომელთა სახეებიც დაბლარულია და იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ვიდეომასალა 6-წუთიან პერიოდს მოიცავს და რამდენიმე სივრცეში სააკაშვილის გადაყვანას ასახავს. მათ შორის, ლიფტსა და პალატაში იძულებით შეყვანას - ამ დროს ციხის თანამშრომლებს მისთვის ხელები და ფეხები გაკავებული აქვთ.

რამდენიმე კადრში ასევე ჩანს თეთრხალათიანი პერსონალი, სავარაუდოდ, სამკურნალო დაწესებულების ექიმები.

სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურიმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

სააკაშვილის იქ მიყვანის მომენტიდან პატიმრების საკნებიდან ისმოდა მისი მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და გინება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG