Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღის დერეფანი დროებით ჩაიკეტა აზერბაიჯანის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის შემდეგ


მთიანი ყარაბაღის სომხებით დასახლებული რაიონებისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფანი, რომელსაც რუსეთის ჯარები აკონტროლებენ, შაბათს დილით დროებით დაიხურა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც, როგორც იტყობინებიან, აზერბაიჯანის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს.

ინციდენტი მოხდა ხუთ დღეში მას მერე, რაც აზერბაიჯანის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს ერთი სომეხი სამოქალაქო პირი და სამი დაჭრეს, როცა სომხები მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშის მახლობლად წყალგაყვანილობის მილის შესაკეთებელ სამუშაოებს ასრულებდნენ 8 ნოემბერს.

სომხეთის მედიის თანახმად, დღევანდელი თავდამსხმელი 8 ნოემბერს მოკლულის ძმაა. ამავე ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხურ სამოქალაქო მანქანას.

13 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც ასაფეთქებელ მოწყობილობას ესვრის აზერბაიჯანის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს. მეორე ვიდეოში კი ასახულია, როგორ აკავებენ ამ პირს რუსეთის სამშვიდობო ჯარები.

აზერბაიჯანის ხელისუფლების თანახმად, თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის სამი ჯარისკაცი დაიჭრა.

თავდაპირველად იტყობინებოდნენ, რომ სტეფანაკერტი-შუშა-ბერძორის ავტომაგისტრალზე, რომელიც ლაჩინის დერეფნის სახელითაა ცნობილი, ორივე მიმართულებით ჩაიკეტა ტრანსპორტის მიმოსვლა.

რუსეთის სამშვიდობო ძალები 25 კილომეტრი სიგრძისა და 5 კილომეტრი სიგანის დერეფნის გასწვრივ არიან განლაგებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შარშან ნოემბერში მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით. ამ შეთანხმებამ დაასრულა 44-დღიანი საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG