Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატები შიმშილობას იწყებენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით


საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები შიმშილობას იწყებენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

„ამ ეტაპზე 9 დეპუტატმა, გადავწყვიტეთ, შიმშილობის დაწყება ერთადერთი მოთხოვნით - მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, რათა მას მიეწოდოს ადეკვატური ჯანდაცვის სერვისები“, - განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დავით კირკიტაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“.

აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და დავით კირკიტაძე შიმშილობას აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

იმავე მოთხოვნით, სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად მე-12 დღეა შიმშილობს პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც.

დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში იშიმშილებს.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

XS
SM
MD
LG