Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია ექიმებს მიმართავს და სთხოვს, შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს


მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მე-12 დღეა შიმშილობს, კონსილიუმის წევრ ექიმებს სთხოვს შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს. თავად ელენე ხოშტარია შიმშილობას აგრძელებს და მადლობას უხდის

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წარმოუდგენლად ჩიხური ვითარება. ჩვენ პრაქტიკულად არ ვიცით და ალაგ-ალაგ ვიღებთ სხვადასხვა წყაროებით ობიექტურ ინფორმაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მეტიც, ცნობები, რომელსაც ვიღებთ, არის ძალიან საგანგაშო: ვიცით, რომ ის ვერ დგება, აქვს კალიუმი დაბალ ნიშნულზე, რაც ნიშავს გულის პრობლემებს, აქვს ღებინება, აქვს, ყვითელი ფერი, წნევა და ამას დამატებული ის პირობები, რომელშიც ის იმყოფება. ეს არის ციხე, ეს არ არის საავადმყოფო და ამ ციხეში მისი მკურნალობის საკითხები დგას ლეგიტიმური კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო არ იცავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას. აქედან გამომდინარე, მე მინდა მივმართო ექიმებს, ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში" - თქვა ელენე ხოშტარიამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

ხოშტარია განსაკუთრებული თხოვნით მიმართავს კონსილიუმის წევრ ექიმებს. კონსილიუმში სულ 5 წევრია. ექიმთა საბჭო ბოლოს შეიკრიბა 8 ნოემბერს, თუმცა მათ მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ. ამ დღეს პენიტენციურმა სისტემამ რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანა მიხეილ სააკაშვილი. სახალხო დამცველის მონათხრობის მიხედვით, მას უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვავდათ და კონსილიუმთან შეხვედრა საჭირო აღარ იყო, ექიმებს კი, რომლებიც სააკაშვილს ელოდებოდნენ, უთხრეს რომ სააკაშვილს არ სურდა მათთან შეხვედრა. ამ დღეს კონსილიუმმა ცხადად დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლად უნდა ყოფილიყო გადაყვანილი მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG