Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: "ე.წ. სუვერენული დემოკრატია გამოგვიცხადეს"


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც მსვლელობას მართავენ მეტრო "ავლაბრიდან" ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით, აპირებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩასვლას და საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას.

მსვლელობის დაწყებამდე შეკრებილებს სიტყვით მიმართა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელმაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სახელმწიფო ინტერესებისთვის ძირგამომთხრელი რეჟიმი, ხოლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რეჟიმის მიერ „დატყვევებული ადამიანი“ უწოდა.

„დატყვევებულ ადამიანს (და არა დაპატიმრებულს), მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა უფლება მონაწილეობა მიიღოს უსამართლო სასამართლოშიც კი და ამის მიზეზად სახელდება სხვადასხვა პროპაგანდისტული მიზეზი, თითქოს სადღაც ეფემერული 500-600 ავტომობილით ჩაიხერგება გზები. ამის გამო დატყვევებული ადამიანი მეორედ არ წაიყვანეს სასამართლო პროცესზე. ხელისუფლებას უნდა, რომ რუსულ ყაიდაზე მორგებული პროპაგანდით ასაზრდოოს საზოგადოება“, - განაცხადა ნიკა მელიამ, რომლის თქმითაც, ქუჩაში გამოსული ათასობით საქართველოს მოქალაქე არის ყველაზე ძლიერი იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენი რეჟიმი იმართება პუტინის ხელისუფლების მიერ. ისიც კი არ იკმარეს, რასაც აქამდე თავიანთი ძალადობრივი ჯგუფების პირით ამბობდნენ. ახლა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო არ უნდა იყოს პროდასავლური, რომ საქართველო არის ე.წ. სუვერენული დემოკრატია. ეს ტერმინი შეიქმნა რუსეთში და გულისხმობს იმას, რომ საშინაო საქმეებში დასავლელი პარტნიორები არ უნდა ერეოდნენ. რეჟიმმა ესეც კი თქვა, ამის ღია დეკლარაცია მოახდინა და თქვა, ყველა ჩვენი პარტნიორი მტერია, რომელიც დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას ითხოვსო და ყველა სტრატეგიული პარტნიორი ჩაითვლება კრიმინალების მფარველებად, რა უფლებით ერევიან ისინი ჩვენ საქმეებშიო. მოკლედ, ცხადზე უცხადესი მოცემულობაა: ბრძოლა უნდა იყო დაუღალავი, ყოველდღიური, მეთოდური. ეს რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს. უწყვეტი იქნება ეს აქციები, რადგან დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე გვიდგას“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 საპყრობილიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG