Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის საკრებულოს ექვსმა წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" შიმშილობა დაიწყო


რუსთავის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან"
რუსთავის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან"

რუსთავის ახლადარჩეული საკრებულოს ექვსმა წევრმა„ნაციონალური მოძრაობიდან" შიმშილობა დაიწყო, ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

საკრებულოს წევრმა, ჯუბა მგელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შიმშილობა გაგრძელდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.

„აქციას ფრაქციის ოთახში მოვაწყობთ“, - თქვა მგელაძემ.

ორი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავის საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა, თუმცა საკრებულოს უფლებამოსილება ჯერ არ არის ცნობილი.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ათმა პარლამენტარმა. მანამდე შიმშილობის აქცია დაიწყო დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ. ის მე-13 დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

XS
SM
MD
LG