Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიტიკულად მძიმეა ცხინვალის ციხის ყოფილი პატიმრის, გენადი ბესტაევის მდგომარეობა


ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლებულ გენადი ბესტაევს, რომელსაც ციხეში ინსულტი განუვითარდა, ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს თბილისში, ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

კლინიკის რეანიმატოლოგმა, გიორგი გვარამაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაშია და ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2 წლის წინ, უკანონოდ დაკავებული და ცხინვალში გასამართლებული გენადი ბესტაევი ადგილობრივმა რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებას 16 ნოემბერს, საღამოს გადასცა.

მანამდე ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელიც 2019 წელს თავად იყო ცხინვალის ციხის უკანონო პატიმარი, რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ცხინვალის საპატიმროდან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და ცხინვალის საავადმყოფოში მისი გადაყვანის შესახებ.

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გენადი ბესტაევის გადაყვანის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი „შეიწყალა“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი, რომლის სახლი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და ეზოში მავთულხლართია გავლებული, 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. მოგვიანებით მას ბრალად დასდეს ნარკოტიკების კონტრაბანდაც. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უკანონო პატიმრობიდან გენადი ბესტაევის გათავისუფლებას ქართული მხარე უშედეგოდ მოითხოვდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG