ბელარუსის ლიდერის პრესმდივანი, ნატალია ეისმონტი აცხადებს, რომ ბელარუსში დღეისათვის ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული დაახლოებით 7 000 მიგრანტი იმყოფება. ეისმონტის თქმით, ბელარუსი მზადაა, რომ სამშობლოში გააბრუნოს 5 000 ადამიანი, დანარჩენი 2000 მიგრანტი კი ევროკავშირმა უნდა მიიღოს.
სწორედ ასეთი სქემა შესთავაზა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ლუკაშენკამ ამასწინანდელ სატელეფონო საუბარში. ვინაიდან მიგრანტები გერმანიაში წასვლას ესწრაფვიან, ლუკაშენკა გამოვიდა წინადადებით, რომ მათთვის შეიქმნას „ჰუმანიტარული დერეფანი“ პოლონეთის გავლით.
ევროკავშირში ლუკაშენკას წინადადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში ადრე ჩასული ასზე მეტი ერაყელი, რომლებიც ევროკავშირში შეღწევას ლამობდნენ, იმ თვითმფრინავის რეისზე დარეგისტრირდნენ, რომელიც უკან ბაღდადში მიფრინავს.
ამის შესახებ სააგენტო როიტერი იუწყება ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, მიგრანტები, რომელთა შორის უმრავლესობა ერაყელი ქურთია, ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასხდნენ. მოგვიანებით იგივე თვითმფრინავი ერბილიდან ბაღდადში გაფრინდება.
ჯამში 18 ნოემბერს მინსკიდან ერაყში წასვლა აიძულეს 430 მიგრანტს. ერაყის საკონსულოსგან უკან დასაბრუნებელ დოკუმენტაციას კიდევ დაახლოებით 50 ადამიანი ელოდება.