Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: სააკაშვილი ახლა კარგად არის, იყოჩაღეს ექიმებმა


"სააკაშვილი ახლა კარგად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეც ვიყავი პალატაში და თვალს ვადევნებდი. იყოჩაღეს ექიმებმა, პირველ რიგში უნდა ვახსენო, გაგიკვირდებათ და ქალბატონი დემურიშვილი [თამთა დემურიშვილი, პენიტენციური სისტემის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი]. ამ ექიმებსაც რატომ ზაფრავენ და მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებენ, ექიმებს ვგულისხმობ, ჩემთვის გაუგებარია", - თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან. ის იმყოფებოდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, როცა მან გონება დაკარგა და მისივე თქმით, ნახა რეანიმაციაშიც, როგორ უწევდნენ მას გონების დაკარგვის შემდეგ სამედიცინო დახმარებას. გვარამიას თქმით, რეანიმაციაში გაწეული სამედიცინო დახმარების შემდეგ სააკაშვილმა თავი უკეთ იგრძნო.

"დღეს უკვე დილიდან, როგორც ვიცი, ცუდად იყო და ამდენი ჩასვლა, ამოსვლა, ლაპარაკი... ლაპარაკი უჭირდა ძალიან, უჭირდა თავის დაჭერა. მერე უკვე, რომ გამოვდიოდით, ადგა, ბადრაგს გაყავდა და მოწყვეტით წაიქცა", - თქვა ნიკა გვარამიამ. ის ამბობს, რომ თუკი ხელისუფლებას მისი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ სურს, შეუძლია განიხილოს სხვა ქვეყანაში გადაყვანის საკითხი.

"მთავარი ჩემი ინტერესია, ეს კაცი აქედან გავიდეს და შეწყდეს ყველაფერი. ადამიანურად შეუძლებელია იმის ყურება, როგორ კვდება ეს კაცი“, – აცხადებს გვარამია.

მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა 18 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათისთვის, როცა მას ადვოკატები ხვდებოდნენ. პენიტენციური დაწესებულების ექიმი ადასტურებს გონების დაკარგვის ეპიზოდს და ამბობს, რომ "პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია."

მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტს გეგმავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი აქვთ ასევე კონსილიუმის წევრ ექიმებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG