Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო სააკაშვილის შესახებ: თუკი საჭირო გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა


დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები: დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა იყო გარკვეული პრობლემები, რომლის სტაბილიზაციაც მალევე მოხერხდა.

როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, დღესვე დაიგეგმა და უკვე სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია. მისი თქმით, ექიმი/სპეციალისტები ჩამოწერენ უახლოესი საათების და ხვალინდელ სამუშაო გეგმას - რა კვლევები და რა სერვისები არის საჭირო ამ ახალგამოვლენილი გართულების ზუსტი დიაგნოსტიკისათვის.

„პაციენტი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც კი იქნება გასაკეთებელი. კონკრეტულად რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება თუ მისი გადაყვანა გახდება საჭირო, ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შედეგად გადაწყდება“, - თქვა სერგეენკომ.

დეპუტატი აზუსტებს, რომ საქმე ეხება კვლევებს, რომელსაც დანიშნავენ კონსულტანტები. „თუკი შესაძლებელი იქნება, ჩატარდეს ადგილზე, ჩატარდება ადგილზე, თუკი საჭირო გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა. გადაწყვეტილების ერთადერთი საფუძველი არის სამედიცინო ჩვენებები“, - დაამატა მან.

ამ დროისთვის დაიგეგმა ხუთი კონსულტაცია, მათგან ერთი დასრულებულია, ნევროლოგმა შეამოწმა მიხეილ სააკაშვილი. როგორც სერგეენკო ამბობს, უახლოეს საათებში სრული სამოქმედო გეგმა მზად იქნება.

ვიცე-სპიკერი განმარტავს, რომ აქამდე ჩატარებული კონსილიუმები მიძღვნილი იყო სამედიცინო დაწესებულების ერთგვარი აუდიტისადმი, რამდენად შეეძლო ამ სამედიცინო დაწესებულებას „პოტენციურად ასეთი პაციენტის მართვა“.

18 ნოემბერს, საღამოს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის შემდეგ წაიქცა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.

„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - ვკითხულობთ დასკვნაში.

დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ

16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG